აზიური ფაროსანა – მასშტაბური პრობლემა დასავლეთ საქართველოში

ფაროსანა

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს, გუშინ აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მიწვეული იყვნენ სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეკრებილთ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო საქართველოში ახალი მავნებლის გავრცელების თაობაზე, რომელმაც უკვე შარშან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, დღეს იგი სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. უშუალოდ ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურები საერთაშორისო გამოცდილებით იხელმძღვანელებენ.

ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პრობლემა რომ მასშტაბურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი შარშან დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა.

ამ მავნებელს ახასიათებს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი, იკვებება მცენარეებით გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, გამოსაზამთრებლად კი სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში შედის. უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, აზიური ფაროსანას მასობრივად გავრცელების დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის 70 პროცენტი შეადგინოს.

„მდგომარეობა საგანგაშოა, რამდენიმე წლიანი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ პოპულაცია მის საბოლოო განადგურებამდე“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მან კანონმდებლებს და მოწვეულ სტუმრებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამღლებასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების პესტიციდებით დამუშავებასაც ითვალისწინებს. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარებას აშშ-ის განვითარების ფონდი უწევს. პრობლემის აღმოსაფხვრელად 12 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებზეა გათვლილი.

კომიტეტის წევრების განცხადებით, წარმოდგენილი სურათი საკმაოდ საგანგაშოა და პროექტი მარტო საკარმიდამო ნაკვეთებზე არ უნდა განხორციელდეს. მათი აზრით, ისეთი მასშტაბებია, რომ მავნებელთან ბრძოლამ სახელმწიფო პროგრამის სახე უნდა მიიღოს.

კომიტეტის წევრების აზრით, სახელმწიფო საზღვარზე ფიტოსანიტარიული კონტროლის გამკაცრებაც უნდა მოხდეს, ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ადგილი აქვს დივერსიას. ითქვა ასევე, რომ ვინაიდან მავნებელი ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემორჩილება, ღონისძიებები კომპლექსურად უნდა განხორციელდეს და ქვეყნის ყველა მხარე მოიცვას.

შეხვედრის შედეგები აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ შეაჯამა. „ჯერ კიდევ არის დრო, რომ შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ, ხვალ უკვე იქნება გვიან და შემდეგ კი უკვე კატასტროფა… ამ საკითხს მასშტაბურობა უნდა შევძინოთ და სახელმწიფო პროგრამის სახე მივცეთ. საზღვარზე უნდა გავამკაცროთ ფიტოსანიტარიული კონტროლიც“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით, კონსულტაციებს სამუშაო ჯგუფში გააგრძელებენ და ამ ფორმატში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.

თქვენი რეკლამა