ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გამო 6189 მძღოლი დაჯარიმდა

გამონაბოლქვი, ჯარიმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6189 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 2946 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1242 – ქუთაისში, 1051 – ბათუმში, 950 კი, ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6189 სამართალდამრღვევიდან, 5405 ფიზიკური პირია, ხოლო 784 – იურიდიული პირი.

3837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2086 – მიკროავტობუსის, 259 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი – ავტობუსის მძღოლების სახელზე შედგა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: https://www.des.gov.ge/

თქვენი რეკლამა