ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა არ იგეგმება

ფაროსანა

აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ბრიფინგი გამართა.

მან მედიის წარმომადგენლებს უწყების მიერ ინვაზიურ მწერთან ბრძოლისთვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანა არ იგეგმება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაზ აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს.

სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული. შეხვედრები პერმანენტულად მიმდინარეობს ამავე მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციებთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბოილოგიური ლაბორატიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან. ცენტრი მარტის თვის ბოლომდე მზად არის  თითოეული ქართველი მეცნიერის მოსაზრებები და წინადადებები მოისმინოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებაზე.

აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის და სიმინდის კულტურებში გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერეპარატის ფართოდ გამოცდა.

ბიოაგენტების მოძიების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შვეიცარიაში, კერძოდ, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) იმყოფებოდნენ, სადაც აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

8 მარტს დაგეგმილია სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა: “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) – გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები.

აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილია შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი“ (USAID /REAP) მიერ და ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ინვაზიური მწერის, აზიური ფაროსანას მონიტორინგის, მართვისა და კონტროლის სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

თქვენი რეკლამა