აჭარაში წარმატებული ტურისტული სეზონი გრძელდება

ტურისტული

აჭარაში წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელდება. აჭარაში უკვე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება. ამის შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს – ,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები. საერთო ძალისხმევა, რომელიც აქამდე გავწიეთ და შრომა რომელსაც ახლაც ვაგრძელებთ აისახება კონკრეტულ შედეგებზე. მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის ფონზე იზრდება რეგიონის ეკონომიკა. ასევე, მიმდინარე თვის შემოსულობები გასული თვის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 30 % -ით, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მეტი პროექტი განვახორციელოთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ახალ ტურისტული ლოკაციებს შექმნის რეგიონში. კიდევ უფრო მეტი მიმოსვლა, საჰაერო რეისები დაემატება რეგიონს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს“.

აჭარაში სრულად აღდგა ტურიზმის დინამიკა. მზარდია ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები +88 % – ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდან : გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%.

მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში. აქტიურად ჩაეშვა და მიმდინარეობს ონლაინ მარკეტინგული კამპანიები 10 ქვეყანაში. გრძელდება რეისების განახლება და დამატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 31 ივლისს განახლდება კვირაში 2 სიხშირით ფრენები ლიეტუვიდან. გაიზარდა შიდა ფრენების რაოდენობაც, რაც გაამარტივებს ბათუმთან წვდომას როგორ შიდა ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის და რაც მთავარია კერძო სექტორს, მისცემს საშუალებას მათი სერვისები და ტურისტული პროდუქტები მოარგონ რეისებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კორექტირებული 2023 წლის ბიუჯეტი პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით ბიუჯეტის ზრდა იმ ეკონომიკური დადებითი ტენდენციების, ტურიზმისა და ბიზნესის ნდობის და აქტივობის დამსახურებაა, რომელიც არის როგორც ქვეყანაში, ასევე  რეგიონში. წინა წლებთან შედარებით  უკვე 2025 წლისთვის რეგიონის  რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტი არანაკლებ მილიარდი ლარი იქნება. 2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ცვლილებების შემდეგ, იზრდება და  600 მლნ ლარს გადააჭარბებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ  კორექტირებულ 2023 წლის ბიუჯეტს და ის პირველად  გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა განვახორციელოთ, კიდევ უფრო მეტი სკოლა ავაშენოთ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დავუფინანსოთ სწავლა, კიდევ უფრო მეტი გზა დავაგოთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე და რეგიონის თითოეულ მცხოვრებზე, მათ კეთილდღეობაზე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში 32 მლნ ლარზე მეტით იზრდება მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და შეადგენს 150 მლნ ლარს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირების შედეგად  ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კუთხით დაფინანსებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ. გაიზრდება  გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.

ასევე, სრულად დაფინანსდება გაფანტული სკლეროზით, რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით, ფსორიოზული ართრიტით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტების ღირებულება. ონკოლოგიურ პაციენტებს მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად გათვალისწინებული ტარიფის ფარგლებში.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტების დაფინანსება.ასევე, იზრდება ბათმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტების დაფინანსების ბიუჯეტი. ცვლილებების შედეგად იზრდება სპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტი და ასახული იქნება გაზრდილი ჯილდოები სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. ქედაში სასპორტო სკოლის მშენებლობა იწყება. პროექტი ითვალისწინებს „საფეხბურთო კლუბი „ბეთლემი“-ს სათამაშო მოედანის რეაბილიტაციისა და საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურის  მოწყობას.

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობა იწყება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობისათვის საჭირო პროექტის მომზადებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება 2 სატურნირო დარბაზი, 8 სამეცადინო ოთახი, ადმინისტრაციული, საკონფერენციო ოთახები, სპორტულ-ლიტერატურული სივრცე საჭადრაკო ბიბლიოთეკით.

წყარო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თქვენი რეკლამა