საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიულმა კომპანიამ, საქართველოში, 22 მყინვარულ ხეობაში კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ქართველი სპეციალისტები საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტ დანიელ ტობლერს შეხვდნენ.
„GEOTEST AG” ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საფრთხეების შეფასების და საპრევენციო რეკომენდაციების გაცემის კუთხით მუშაობის გამოცდილება აქვს.
მიმდინარე წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ კომპანიასთან „GEOTEST AG” ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში განხორციელდება გლაციალური (მყინვარიდან მომდინარე საფრთხეები) შეფასება და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიაზე (უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სატელიტური მასალის ანალიზს) დაყრდნობით გრუნტის გადაადგილების გზით წარმოქმნილი საფრთხის კერების, ასევე, კონკრეტული საფრთხის შემცველი უბნების იდენტიფიცირება და, შემდგომ, აღნიშნული რისკის დონის მიხედვით პრიორიტეტების დადგენა რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
ამ ეტაპზე, კომპანიამ „GEOTEST AG“ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვლევების პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა.
„შვეიცარიულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ჩვენს მყინვარებზე არსებული საფრთხეების შეფასებას, სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. შედეგები ჩვენს სპეციალისტებთან ერთად იქნა განხილული. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად მოხდება ყველა იმ საფრთხის იდენტიფიცირება, რომელიც დღეს ჩვენს მყინვარებზე არის დაფიქსირებული. აქვე აღვნიშნავ, რომ მყინვარების სრულ მონიტორინგთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოვის ტრაგედიის შესწავლა. დიდი ძალისხმევა ჩავდეთ სრულყოფილი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის მომზადებაში. სწორედ ამიტომ, პროცესში ჩავრთეთ შვეიცარიელი ექსპერტები. მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდა ყველა პროცესის იდენტიფიცირება, გათვლა და გაანგარიშება, რასაც ეფუძნება სააგენტოს დასკვნა. ინფორმაცია, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა, თითქოს შოვში 2 საათით ადრე დაიწყო სტიქია, მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტის, დანიელ ტობლერის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე შესწავლილი იქნება ყველა არსებული თუ შესაძლო მეწყრული პროცესი, ღვარცოფული ნატანის შესწავლა-დახასიათება და ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რაც მომდევნო 2 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, შევამციროთ რეალური რისკი, რომელიც გვაქვს დასახლებებში, რომ ვიცოდეთ კრიტიკული ადგილები და შემდეგ გადავიდეთ ამ ცხელი წერტილების მონიტორინგზე. ჩვენ ამას ბოლოს განვსაზღვრავთ. შოვი არის მაგალითი, რომელსაც ვიყენებთ, რადგან ეს იყო რეალური მოვლენა. და შოვის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სიმულაციური სცენარი და ვიმუშაოთ ცხელი წერტილების შეფასების მიმართულებით“, – აღნიშნა დანიელ ტობლერმა.
შეხვედრას, კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე ესწრებოდა, რომელიც კვლევის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს შვეიცარიელ ექსპერტებთან. როგორც მან აღნიშნა, მყინვარული ხეობების კვლევა, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს წამყვანი კომპანია „GEOTEST AG“ მნიშვნელოვანი და დროული პროექტია.
ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მყინვარული ხეობების ვერტმფრენიდან ვიზუალური დათვალიერება და შეფასება, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხდება სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.