13 ნოემბერს, თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მასშტაბური გამოფენა — Agro Food Expo Georgia 2026 გაიხსნა.
წელს გამოფენაში 8 ქვეყნიდან 100-მდე კომპანია მონაწილეობს. წარმოდგენილია საერთაშორისო მონაწილეთა ექსპოზიციაც, სადაც ვიზიტორებს ინოვაციური ტექნოლოგიების, ინგრედიენტებისა და დარგის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.
გამოფენის კურატორის, ნინო გამრეკელის თქმით, ღონისძიება აგროსასურსათო წარმოების სრულ ჯაჭვს მოიცავს — ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქციის გადამუშავებითა და შეფუთვით დამთავრებული, ბაზარზე გატანის ჩათვლით.
„წელს განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ეგრეთ წოდებულ ციფრულ და გონიერ დანადგარებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობაში აქტიურად შემოდის. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დანადგარებს ქართული კომპანიები წარმოადგენენ“, — აღნიშნა მან.
გამოფენა B2B ფორმატში მიმდინარეობს და დარგის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. ზოგიერთი მონაწილე ამ შესაძლებლობას საკუთარი პროდუქციის ხარისხისა და საწარმოო პროცესის ადგილზე საჩვენებლად იყენებს.
„ექსპოს ფორმატში საშუალება გვაქვს, პირდაპირ ღონისძიების მიმდინარეობისას ჩავატაროთ მასტერკლასები. ახლა დაგეგმილი გვაქვს, მაგალითად, გერმანული პრეტცელისა და არტიზანული პურის ცხობის მასტერკლასი“, — აღნიშნავს კომპანია „ვიტამელის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ქარდავა.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საწარმოო დანადგარებს, მათ შორის:
- აგროდრონებსა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ციფრულ ტექნოლოგიებს;
- სარწყავ სისტემებსა და მოსავლის დამცავ ბადეებს;
- ორგანულ სასუქებს;
- ჩირის საშრობ ხაზებს;
- შესაფუთ ტექნოლოგიებსა და საცხობი დანადგარების მუშაობის დემონსტრაციებს.
Agro Food Expo მეწარმეებსა და დარგის სხვა დაინტერესებულ წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნონ სიახლეებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და პრაქტიკაში გაეცნონ ინოვაციებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბაზრის მნიშვნელოვან სტანდარტად იქცეს.
გამოფენა დღეს, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

