ავტორი: ვანო მეჭურჭლიშვილი
ძვირფასო ფერმერებო,
ბოლო წლებში მელიორაციის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სემეკის რეგულირების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციითა და „საქართველოს მელიორაციის“ საოპერაციო მუშაობის შედეგად, ჩამოყალიბდა მომსახურების ახალი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩო.
სწორედ ამ ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკული შედეგია ის, რომ 2027 წლის საირიგაციო სეზონის დაგეგმვა არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომიდანვე იწყება. შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა მომდევნო წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმების პროექტები, სამსჯელოდ.
რა შეიცვალა ფერმერისთვის და როგორია სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შედეგი?
2023–2026 წლებში დანერგილი რეგულაციების მიზანია ფერმერსა და კომპანიას შორის ოპერატიული კავშირისა და უფრო პროგნოზირებადი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, რათა მომსახურება სრულად გამჭვირვალე და შემოწმებადი გახდეს.
სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და სემეკის რეგულირების შედეგების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მტკიცებულებაა სახელმწიფო სუბსიდიის პირდაპირ და მიზნობრივად, უშუალოდ ფერმერისთვის მიწოდება. აღნიშნული შესაძლებელი გახდა წყლის განაწილების გამჭვირვალობისა და წყლის საიმედო მიწოდების სტანდარტების დანერგვით. სწორედ ამ რეგულაციის შედეგად ფერმერს მიეწოდება ქვითარი, იმ სტანდარტებით როგორც ეს სხვა კომუნალურ მომსახურებებშია დადგენილი სემეკის მიერ. დღეს ფერმერი ამ ელექტრონულ ქვითარში ნათლად ხედავს მომსახურების სრულ ღირებულებას და ზუსტად იცის, რა თანხას იხდის სახელმწიფო მისთვის რწყვის ოპერაციაზე. მეორე მხრივ, ეს სისტემა ორმხრივად სასარგებლოა: როდესაც მომსახურების ეკონომიკური ღირებულება ობიექტურად არის დაფასებული და დარიცხვადი, მელიორაციის კომპანია გაცილებით მეტად მოტივირებულია წყალი დროულად და ხარისხიანად მიაწოდოს მომხმარებელს, რათა გაწეული მომსახურების საფასური მიიღოს.
წყლის მიწოდების საიმედოობის სტანდარტები მარტო წყლის გამჭვირვალედ განაწილებასა და ელექტრონულ ქვითარს არ გულისხმობს. ამის გარდა, დაინერგა ისეთი პირობები, სადაც მკაფიოდ მოცემულია მიმწოდებლისა და მომხმარებლის მომსახურების პირობები, ყველა შესაძლო შემთხვევაში სახელმძღვანელოდ. ასევე ინდივიდუალურად გასაფორმებელი წყალსარგებლობის განრიგი და მიწოდების წერტილი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს რწყვის ოპერაციას და წყლის მიწოდების პასუხისმგებლობის საზღვარს.
დამატებით, დადგინდა დაუყოვნებლივი-ოპერატიული რეაგირების სტანდარტები წყლის მიუწოდებლობაზე ან ავარიულ წყვეტაზე და განისაზღვრა 10-დღიანი, ზოგადი რეაგირების ვადა. ამ მომსახურებებისა და სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დაინერგა *303# სერვისი (ოპერატიული კავშირისთვის), ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში განცხადების ჩაბარების მომსახურებები. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებლის მიერ ამ მომსახურებებზე რეაგირება კონტროლდება სემეკის მიერ.
რატომ უნდა ვიაქტიუროთ ახლა, რეჟიმის პროექტის ეტაპზე?
წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი წინასწარ ასახავს, როგორ გეგმავს კომპანია საირიგაციო სისტემაში წყლის განაწილებას წლის განმავლობაში, წყლის რეალურად ხელმისაწვდომი რესურსისა და არხების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით.
აუცილებელია, მკაფიოდ გავმიჯნოთ წყლის მიწოდების საერთო რეჟიმი და წყალსარგებლობის ინდივიდუალური განრიგი. მიწოდების რეჟიმი არის ის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შემდგომში თითოეულ ფერმერთან ინდივიდუალური განრიგი ფორმდება. თუ ფერმერი ახლავე გადაამოწმებს გამოქვეყნებულ პროექტში წყალმომარაგების პერიოდებს, სანამ რეჟიმი დამტკიცდება იგი უკეთ დაიცავს თავის ინტერესებს (რისთვისაც ახლა სრულიად საკმარისი დროა წინადადებების წარსადგენად). ამასთან, დამტკიცების შემდეგ იგი შეუფერხებლად გააფორმებს ინდივიდუალურ წყალსარგებლობის განრიგს (თებერვლიდან-აპრილამდე) და რწყვის ოპერაციებს მოითხოვს ზუსტად იმ დროს, როცა ეს მის კულტურას სჭირდება.
ეს ეტაპი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფერმერებისთვის, რომლებმაც ახლად დაიწყეს ახალი კულტურის მოყვანა, გააშენეს ახალი ნერგები, შეცვალეს სარწყავი ფართობი ან მოჰყავთ იმ ზონისთვის არატრადიციული, განსხვავებული კულტურა. თუ თქვენი მეურნეობა კონკრეტულ პერიოდში სპეციფიკურ რწყვის ოპერაციებს მოითხოვს, ახლავე უნდა წარადგინოთ მოთხოვნა, რათა რეჟიმის დამტკიცებისას ეს გათვალისწინებული იყოს.
მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების მოთხოვნის წინასწარ წარდგენა ავტომატურად არ ნიშნავს მის დაკმაყოფილებას, რადგან კომპანიამ უნდა შეაფასოს ობიექტური ტექნიკური პირობები. თუმცა, წინასწარი აქტიურობა მკვეთრად ამცირებს იმის რისკს, რომ უშუალოდ სეზონზე, განრიგის გაფორმებისას, მოულოდნელი ტექნიკური შეზღუდვები გამოვლინდეს.
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლება 1-ელ თებერვლამდე?
თუ გამოქვეყნებული პროექტი არ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს, აუცილებელია კომპანიას წერილობით მიაწოდოთ თქვენი შენიშვნები.
როდესაც მოთხოვნას წარადგენთ, სემეკის წესებით, კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა დაგიბრუნოთ დასაბუთებული პასუხი. უარის შემთხვევაში კომპანიამ უნდა განმარტოს მიზეზი. თუ კომპანია მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, არ გიპასუხებთ, ან ჩათვლით, რომ თქვენი წინადადება წესების დარღვევით განიხილეს, უფლება გაქვთ საკითხის შესწავლის მოთხოვნით მიმართოთ სემეკს.
ყურადღება: წყლის მიწოდების საბოლოო რეჟიმები არაუგვიანეს 2027 წლის 1 თებერვლისა უნდა დამტკიცდეს. დამტკიცებული დოკუმენტის შეცვლა გაცილებით რთულია. ამიტომ, რაც შეიძლება ადრე დააფიქსირეთ თქვენი საჭიროებები, რათა რეჟიმების დამტკიცების საბოლოო ვადამდე (1-ელ თებერვლამდე) საკმარისი დრო დარჩეს თქვენი წინადადების განსახილველად, კომპანიისგან პასუხის მისაღებად და, საჭიროების შემთხვევაში, სემეკში თქვენი უფლებების დასაცავად.
სად და როგორ შევიტანოთ განაცხადი?
პირველ რიგში, გაეცანით თქვენი საირიგაციო სისტემის შესაბამის პროექტს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
თუ ცვლილების მოთხოვნა გჭირდებათ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სპეციალური განაცხადის ფორმა — „წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სემეკის ვებგვერდზეა განთავსებული. ამ მოთხოვნის ოფიციალურად დასაფიქსირებლად, გირჩევთ გამოიყენოთ შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი სერვისცენტრები ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხები. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, შეგიძლიათ მიმართოთ სემეკს ოფიციალური არხებით, მათ შორის, იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.
მიმწოდებელთან განაცხადის ჩაბარებისას აუცილებლად მოითხოვეთ და შეინახეთ რეგისტრაციის ნომერი. სწორედ ეს ნომერი დაგეხმარებათ მოთხოვნის განხილვის მიკვლევაში და წარმოადგენს თქვენს გარანტიას, რომ პროცესი 10-დღიანი რეაგირების სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს.
სემეკის რეგულირების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ფერმერმა წინასწარ იცოდეს წყლის მიწოდების პირობები, კომპანიამ კი თავისი ვალდებულებები განსაზღვრული წესით შეასრულოს. ეს არ გამორიცხავს ობიექტურ რესურსულ თუ ტექნიკურ შეზღუდვებს, მაგრამ უზრუნველყოფს, რომ თქვენი მოთხოვნა განიხილებოდეს წინასწარ ცნობილი, სამართლიანი და შემოწმებადი წესებით.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა: ნუ დაელოდებით გაზაფხულს, აქტიურად ჩაერთეთ მიწოდების რეჟიმების პროექტის განხილვაში და უზრუნველყავით თქვენი უფლებებისა და მეურნეობის ინტერესების მაქსიმალური დაცვა 2027 წლის საირიგაციო სეზონისთვის.

