აშშ-ში ფერმერები, მეცხოველეები და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციები, სულ უფრო ხშირად გამოდიან, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ.
მათი შეფასებით, ციფრული ინფრასტრუქტურის სწრაფი გაფართოება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შემცირების, წყლის რესურსებზე ზეწოლისა და ენერგიის ხარჯების ზრდის რისკს ქმნის.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სოფლის მეურნეობის რეგიონებში დგას, სადაც ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად ფართო ტერიტორიებს იძენენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მონტანის შტატში დაფიქსირდა, სადაც ენერგეტიკულმა კომპანიამ დაახლოებით 6 000 ჰექტარი საძოვარი შეიძინა. ეს ტერიტორია მომავალში შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენონ.
ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ მშრალ წლებში ახალი ობიექტების წყალმომარაგებას უპირატესობა მიენიჭება, რის გამოც სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა შემცირდება. მათი თქმით, მონაცემთა ცენტრები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიასა და წყალს მოიხმარენ, რაც სოფლის მეურნეობისთვის დამატებით გამოწვევებს შექმნის.
თავის მხრივ, პროექტის განმახორციელებელი კომპანია აცხადებს, რომ მიწის საბოლოო დანიშნულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ყველა შესაძლო ვარიანტი ჯერ კიდევ განიხილება.
ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მონაცემთა ცენტრების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ტენდენცია უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება, რის გამოც ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას შორის მიწის, წყლისა და ენერგორესურსების გამოყენებაზე კონკურენცია სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მონაცემთა ცენტრები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, თუმცა მათი განთავსებისას აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების ინტერესების გათვალისწინება.
წყარო: The Wall Street Journal

