OECD-FAO-ის ახალი გლობალური პროგნოზი — როგორი იქნება მსოფლიო სოფლის მეურნეობა 2035 წლამდე?

OECD, FAO

მსოფლიო სოფლის მეურნეობა მომდევნო ათწლეულში ზრდას განაგრძობს, თუმცა სექტორს ერთდროულად კლიმატის ცვლილება, ბაზრების არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური რისკები დაუპირისპირდება.

ასეთია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი ანგარიშის – OECD-FAO Agricultural Outlook 2026–2035 – მთავარი გზავნილი.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის წარმოება 2035 წლისთვის დაახლოებით 13%-ით გაიზრდება. ზრდის მთავარი წყარო იქნება არა სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფართოება, არამედ პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების ეფექტიანობის ზრდა.

OECD-ისა და FAO-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საშუალოდ ფერმერთა ერთ სულზე გაანგარიშებული შემოსავლები მომდევნო ათწლეულში დაახლოებით 9%-ით გაიზრდება. თუმცა, ამავე დროს, ისინი აფრთხილებენ, რომ ენერგორესურსების, სასუქებისა და ლოგისტიკის ხარჯების ზრდა, ასევე კლიმატური მოვლენების გახშირება, სოფლის მეურნეობას უფრო არასტაბილურს გახდის. განსაკუთრებით მოწყვლადი იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც წარმოების თვითღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო ვაჭრობასაც. ავტორების შეფასებით, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავისუფალი და პროგნოზირებადი ვაჭრობა მომავალშიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს. რეგიონებს შორის წარმოებისა და მოხმარების განსხვავება კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ბაზრების მნიშვნელობას, ამიტომ ექსპორტისა და ლოგისტიკის შეფერხებამ შესაძლოა ფასებზე სწრაფი გავლენა მოახდინოს.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება გაიზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სექტორის პირდაპირი სათბურის აირების ემისიები, რაც ნიშნავს, რომ წარმოების ერთეულზე გარემოზე ზემოქმედება თანდათან შემცირდება. თუმცა ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ინოვაციების დანერგვა აუცილებელი პირობა იქნება ამ პროგრესის შესანარჩუნებლად.

აგროკავკასიის შეფასება: OECD-FAO-ის ახალი პროგნოზი აჩვენებს, რომ მომდევნო ათწლეულის კონკურენცია აღარ იქნება მხოლოდ მოსავლიანობაზე. წარმატებას ის ქვეყნები და ფერმერები მიაღწევენ, რომლებიც უფრო სწრაფად დანერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გაზრდიან რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და უკეთ მოერგებიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებს. მსოფლიო აგროსექტორის მომავალი სულ უფრო მეტად ინოვაციებზე, მონაცემებზე და მდგრად წარმოებაზე იქნება დამოკიდებული.

წყაროები: OECD-FAO Agricultural Outlook 2026–2035

თქვენი რეკლამა