მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს” სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება.
მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის – შპს “მამედის” თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. შპს “მამედი” წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზს ანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში. თვეების განმავლობაში შპს “მამედი” არ ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს “მამედს” 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.

