მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური

მზის, ელექტროსადგური, ენერგია

მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური ამჟამად ტაივანში მდებარეობს.

ამ ელექტროსადგურის სიმძლავრე 440 მეგავატია. პროექტი სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანია Hexa Renewables-მა ტაივანის მთავრობასთან პარტნიორობით განახორციელა.

მზის ენერგია სუფთა ენერგიის მთავარი წყაროა და გადამწყვეტ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მცდელობებში. დღესდღეობით, მზის ელექტროსადგურების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფად იზრდება. ამ კონტექსტში, მცურავი ფოტოელექტრული სისტემები ფართო გამოყენებას ჰპოვებს მცირე მიწის რესურსების მქონე ქვეყნებში, როგორიცაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი.

ეს ტექნოლოგია ფაქტიურად სტრატეგიულ და მდგრად კომპრომისს წარმოადგენს, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის მიწების „წართმევის“ გარეშე, განახლებადი ენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა.

ჩანგუას სანაპიროზე განლაგებული მცურავი მზის ელექტროსადგური 347 ჰექტარ ფართობს მოიცავს და დაახლოებით 74 000 ოჯახის ენერგიით მომარაგება შეუძლია, რაც მას თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ტაივანის გარემოსდაცვითი პოლიტიკისთვის უნიკალურს ხდის. ელექტროსადგურის მიზანია არა მხოლოდ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება, არამედ ქვეყნის განახლებადი ენერგიის სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაფართოებაც.

სადგურის გაშვება რამდენიმე ფაზად განხორციელდა. პირველი ფაზა, რომელიც 2020 წელს დასრულდა, 181 მეგავატი სიმძლავრის იყო და Chenya Energy-სთან ერთად შემუშავდა. მეორე ფაზამ კიდევ 192 მეგავატი დაამატა, რაც პროექტს მსოფლიოში უდიდეს მცურავ მზის ელექტროსადგურად აქცევს.

ინჟინრები და დიზაინერები ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებენ ინფრასტრუქტურის არასასურველი ამინდისა და კოროზიისგან დასაცავად, რაც უზრუნველყოფს აღჭურვილობის გრძელვადიან სტაბილურობას.

აქამდე, ყველაზე დიდ მცურავ მზის ენერგიის პროექტად ჩინეთის სადგური ითვლებოდა. რომელიც 2022 წელს, კომპანიამ Huaneng Power International (HPI), შანდონგის პროვინციაში გაუშვა. მისი სიმძლავრე 320 მეგავატია.

საკონსულტაციო ფირმა Grand View Research-ის პროგნოზით, მცურავი მზის ელექტროსადგურები მომდევნო 5-10 წელიწადში ფართოდ გავრცელდება. ასეთი დანადგარების გლობალური ბაზარი 2015 წლის 13.8 მილიონი დოლარიდან 2025 წელს 2.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს სექტორი ყველაზე სწრაფად ბრაზილიაში, იაპონიაში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში განვითარდება.

წყარო: pv-magazine

თქვენი რეკლამა