ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს

შავი, ზღვა, დაბინძურება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. 

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 3 ათას ლარზე მეტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების   მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება, დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების 11 ფაქტია გამოვლენილი. 

თქვენი რეკლამა