სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ.
მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ხორცისა და რძის ნაწარმის ეტიკეტირება, ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს და მუდმივად თანამშრომლობს ბიზნესოპერატორებთან. მნიშვნელოვანია მომხმარებლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა
ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.