რომში გაეროს სასურსათო სისტემების სამიტი გაიმართა

გაეროს, სასურსათო, სისტემები

იტალიის რესპუბლიკის დედაქალქ რომში, გაეროს სასურსათო სისტემების სამიტი გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც გაეროს  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში გაიმართა, 1200 დელეგატი, მათ შორის, 19 ქვეყნის მეთაური და 65 ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ.

სამიტის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯა მელონი, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები.

მონაწილეებმა სასურსათო სისტემების 2021 წლის სამიტზე აღებული ვალდებულებების პროგრესი და მიღწეული შედეგები განიხილეს. როგორც სესიაზე აღინიშნა, კონკრეტული მაგალითების გაზიარებით, გადაუდებელი და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერით მდგრადი სასურსათო სისტემების შექმნა  ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღებას.

სამიტში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიიღო.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, კვლავ აქტუალურია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი გავლენა სოფლის მეურნეობაზე.   ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოების კოორდინირებული მოქმედებები, რათა გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით წარმოებული ჯანსაღი სურსათი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, აღებული საერთაშორისო ვალდებულებები სისტემურად დაინერგოს პრაქტიკაში და, 2030 წლისთვის, მდგრადი სურსათის სისტემების არსებობა მსოფლიოში რეალობად იქცეს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასურსათო სისტემების სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული ეტაპის ხელშეწყობას. მათ შორის არის ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე წვდომა, სურსათის წარმოების და გადამუშავების ხელშეწყობა, აგროდაზღვევა და სხვა არაერთი ინიციატივა.  სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა.

„საქართველო აქტიურად აგრძელებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. 2015 წლიდან დღემდე, ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილია 190 ევრორეგულაციის და დირექტივის მოთხოვნები.  ეს პროცესი გახდა  უფრო ინტენსიური, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის მიერ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა წლის ბოლოსთვის მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. სასურსათო სისტემების სამიტის ფარგლებში, საქართველომ წარმატებით ჩაატარა ეროვნული დიალოგები, რათა მომხდარიყო არსებული სიტუაციის ანალიზი და შესაბამისი ზომების დაგეგმვა. მომზადებული ანგარიში წარედგინა სამიტის სამდივნოს. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დასრულებული დოკუმენტი წინასწარ გააგზავნა სამიტისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ქ.რომში გამართულ გაეროს სასურსათო სისტემების სამიტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა.

თქვენი რეკლამა