„რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

საბა, ებანოიძე, აგროსფერო

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში, 

სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტს, საბა ებანოიძეს ვესაუბრეთ.

საბა, როგორ გაიგეთ „აგროსფეროსა“ და მისი სტიპენდიის შესახებ?

„აგროსფეროსთან“ პირველი შეხება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმების ფორუმზე მქონდა. მას, ასევე, ონლაინ პლატფორმებიდანაც ვიცნობდი, რადგან ბევრჯერ შემხვედრია მათი პროდუქცია ინტერნეტში. შარშან კი, სტუდენტებისთვის „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული სტიპენდიის შესახებაც შევიტყვე. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ არსებობდა სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი კერძო კომპანია, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას, არამედ მომავალ თაობაში საკუთარ დროით და ფულად რესურსს დებს. ცხადია, მსგავსი ინიციატივები სტუდენტს სწავლის სურვილს კიდევ უფრო უღვივებს და დიდი მოტივაციას აძლევს.

სოფლის მეურნეობის დარგის რა მთავარ პრობლემას გამოყოფდით? როგორ ფიქრობთ, შეძლებს თქვენი თაობა მის გადაჭრას?

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, ბევრმა ფერმერმა არ იცის, როგორ აქციოს აგრომეურნეობა ბიზნესად, როგორ გააკეთოს კალკულაცია, რა ინვესტიცია უნდა განახორციელოს შემოსავლების ზრდისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ინოვაციური და ახალი მიდგომების დანერგვა მეურნეობაში და ა.შ. ჩემი აზრით, ეს პრობლემა ნელ-ნელა გადაიჭრება, რადგან ჩვენს თაობას ბევრად მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ამასთანავე, ჩემი თანატოლები უკეთ იცნობენ განვითარებული ქვეყნების მაგალითებსაც.

საბა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცხადია, უახლოეს მომავალში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, პარალელურად მინდა პრაქტიკული გამოცდილებაც დავაგროვო. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული მიმართულება, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – რა სფეროც არ უნდა ავირჩიო, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო მის შესწავლაში.

თქვენი რეკლამა