გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.
„სამეგრელოში გავეცანით თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც გულისხმობს, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, ფერმერებისთვის 500 ლარის გამოყოფას, რათა მათ ბაღების მოვლისთვის საჭირო საშუალებები შეიძინონ. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 15 მლნ ლარზე მეტია ათვისებული ფერმერების მხრიდან და, შესაბამისად, დღეს გვაქვს უფრო მეტად მოვლილი ბაღები, რაც მოგვცემს უკეთეს შედეგს როგორც მოსავლიანობის კუთხით, ასევე ხარისხობრივად. დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის თხილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. მას აქვს დიდი პოტენციალი. შარშან, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა. ვფიქრობ, კარგი მოვლის შემთხვევაში, მოსავლიანობის ზრდის პირობებში, შეგვიძლია, ეს მონაცემები გავაორმაგოთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ჩაერთვება. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, პროგრამით 45 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, რომელთა თხილის ბაღების ფართობი 24 000 ჰექტარს აღემატება.
მინისტრმა, ფერმერებთან შეხვედრაზე, სამეგრელოში გავრცელებულ კულტურაზე, მოცვზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მოქმედი პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მომავალ წლებში, მოცვი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის. 2500 ჰა-ზე მეტი ბაღის გაშენება დავაფინანსეთ და ამ ბაღებიდან მოსავლიანობა 20-25 ათასი ტონა იქნება, რაც, დამატებით, 80-100 მლნ დოლარის შემოსავალს ნიშნავს. ეს შევძელით იმ პროექტების მეშვეობით, რომელსაც სახელმწიფო წლებია ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში დიდი რესურსი ჩაიდო, რაც ყველასთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, თვალსაჩინოა. ფერმერებს გაუჩნდათ რეალური შემოსავალი, რომელიც, ერთი მხრივ, დამოკიდებულია მათ შრომაზე და, მეორე მხრივ, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მინისტრთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და თხილის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა იმყოფებოდნენ.
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო