მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ მხარდამჭერ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეცხოველეობის დარგის წარმომადგენლებს – მსხვილ, საშუალო და მცირე მწარმოებლებს, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოების განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ახალი მხარდამჭერი ღონიძიებების მიზნები გააცნო.
„მეცხოველეობის დარგის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. გვაქვს ხელშემწყობი პროექტები, თუმცა, რძისა და ხორცის წარმოების ზრდის და, ზოგადად, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით არსებითი პროგრესის მისაღწევად, დამატებითი ღონისძიებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, დარგის წარმომდგენლებთან აქტიური კომუნიკაციით, მუშავდება სტიმულირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების ზრდის ხელშეწყობას. მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დაინტერესებული მხარის რეკომენდაციები, შენიშვნები და შეთავაზებები“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისთვის მხარდაჭერის ღონისძიების სქემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მუშავდება. სამინისტროს მიზანს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და ითვალისწინებს სამ მიმართულებას: მერძეული, მეხორცული, კომბინირებული, სანაშენე ფერმების აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა; მსხვილფეხა ცხოველების სასუქი სულადობის სადგომის მოწყობა და მცირე მეურნეობების ხელშეწყობა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა დეტალურად განიხილეს აქტოვობების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. კერძო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები, რეკომენდაციები და მოსაზრებები, განხილვისა და შეფასების შემდგომ, შესაბამისად აისახება შემუშავებულ პროგრამაში.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.