მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ სწავლა დასრულდა

კლიმატის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამართული მწვანე ბანაკი – ,,კლიმატის ელჩები” დასრულდა. ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.

„მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების გზით“, – განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. მონაწილეები 8 დღის განმავლობაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე, მათ შორის, ტყის რესურსების მართვის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების, თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ.

კლიმატის ელჩებმა დაბა ბაკურიანში განთავსებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია, თუ რა პარამეტრებს ზომავს, რა მიზნით გამოიყენება მიღებული ინფორმაცია და რამდემად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დაკვირვებების არსებობა მეტეოროლოგიაში. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, დეტალურად იქნა განხილული დაკვირვების სისტემები, რომლებიც გამოიყენება ამინდის პროგნოზირებისთვის და ადრეული გაფრთხილებისთვის.

ბანაკის მონაწილე მოხალისეები და ეკოლიდერები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს -ახმეტა, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ლაგოდეხი, სენაკი, ქობულეთი და ხობი – წარმოადგენდნენ.

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

თქვენი რეკლამა