ინდოელი ჟურნალისტები საქართველოში

ინდოელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს.

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს.

მედიის წარმომადგენლები  მესტიას ეწვევიან, დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს, უშგულს. ტურის განმავლობაში ინდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

მედიის წარმომადგენლები ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის „New Indian Express“-სა და „Deccan Herald“-ისთვის სტატიებს მოამზადებენ. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში მილიონობით მკითხველი და სოციალური ქსელების მომხმარებელი გაეცნობა.

„საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, ძალიან მომწონს ძველი თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით კი ძველებური აივნები, გოგირდის აბანოები და  ეკლესიები. ძალიან მიზიდავს თქვენი კულტურა, სამზარეულო და  რა თქმა უნდა ღვინო. გამორჩეულად მომწონს ხალხი, მათი განწყობა. ვამბობდი ოდესმე საქართველოში დავბრუნდებოდი და აი აქ ვარ, თბილისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებ და მკითხველს საქართველოს გავაცნობ“,-აცხადებს ტურის მონაწილე კაპლანა სომასანდერი.

პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა. თბილისსა და დელის შორის ავიაკომპანიამ Indigo კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენები დაიწყო.Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

თქვენი რეკლამა