მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დედაენის ბაღში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, კერძოდ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოფენა, ენერგოეფექტური ღუმელების, მზის წყლის გამაცხელებლების, მზის პანელების, ბიომასის ქვაბებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების დემონსტრირება.
გარდა ამ აქტივობებში მონაწილეობისა, ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო ბრიკეტებისა და სხვა ენერგოეფექტური მასალების შესახებ.
მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის – „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ გამარჯვებული სკოლა „დეა“ დაჯილდოვა.
როგორც რომეო მიქაუტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რადგან ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის სამი სკოლა დაჯილდოვდა – მათ ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიმდინარეობისას ყველაზე მრავალფეროვანი, კრეატიული და მასობრივი აქტივობები მოიფიქრეს და განახორციელეს. კონკურსში მეორე ადგილი თბილისის 169-ე, ხოლო მესამე ადგილი – თბილისის 106-ე სკოლებმა დაიკავეს.
დედაენის ბაღში ასევე გაიმართა ენერგოეფექტური ტრანსპორტის გამოფენაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ენერგოეფექტური, მწვანე ავტომობილების მახასიათებლებს და ინფორმაცია მიეღოთ მათი უპირატესობების შესახებ