საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს გილოცავთ ყველა ენერგეტიკოსსა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. ეს დღე მინდა მივულოცო სექტორის გულშემატკივრებსაც, რომლებიც სხვა სფეროებიდან აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნის ნათელი მომავლისათვის.
ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის ფუნდამენტურ საფუძველს. სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზე, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციების დანერგვას, სისტემის საიმედოობასა და გრძელვადიან მდგრადობას. ჩემი, როგორც სემეკის თავმჯდომარის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სტაბილური განვითარება, ეფექტიანი რეგულაციის მექანიზმების შექმნა და საინვესტიციო გარემოს წახალისება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს სექტორს განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდა თაობის, ახალბედა ენერგეტიკოსების პროფესიული განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიზნით, ჩემი ინიციატივით შექმნილი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, დღიდან დაარსებისა ახორციელებს სასწავლო კურსებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს, უზრუნველყოფს მოქმედი თუ მომავალი ენერგეტიკოსების ინფორმირებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ განვითარებას.
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს ძირითადი მიზანი გვაერთიანებს – ეს ენერგეტიკის სექტორის წარმატებებია, რაც დარგში დასაქმებული თითოეული პროფესიონალის ნაყოფიერი საქმინობის შედეგად არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს! გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სექტორის საუკეთესო მომავლისათვის”.

