საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, საერთაშორისო კონფერენციის „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.
ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები, მათ შორის, გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა გააცნო.
სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ქართული ვაზის ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და ლატვიიდან ჩამოსული მეცნიერები.
საერთაშორისო კონფერენციაზე სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების კვლევისა და დაცვის საკითხებზე და მათი გამოყენების სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ინოვაციურ მეთოდოლოგიებზე იმსჯელეს.
საერთაშორისო კონფერენციას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.