გერმანელმა ფერმერებმა გუშინ, 15 იანვარს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.
ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის წინ მოედანზე 3,6 ათასი ტრაქტორი, 2 ათასი სატვირთო მანქანა და 10 ათასი მონაწილე შეიკრიბა, წერს Agrarheute.
აქციის დროს წესრიგს 1300 პოლიციელი იცავდა.
გერმანელ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა იოახიმ რუკვიდმა სიტყვით გამოსვლისას დააანონსა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, თუ ფერმერების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„გააუქმეთ სუბსიდიების შეწყვეტის გეგმები და ჩვენ უკან დავიხევთ“, მიმართა მან ხელისუფლებას. „გერმანიის მომავლისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური სოფლები. სოფლის მეურნეობის გარეშე გერმანიას მომავალი არ ექნება. ჩვენ გვინდა სამართლიანი გადაწყვეტა!”
რუკვიდის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში 100 ათასზე მეტმა ტრაქტორმა მიიღო მონაწილეობა.
„მადლობას ვუხდით მოსახლეობას დიდი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. გერმანელების 70% მხარს გვიჭერს. ეს მხარდაჭერა ადასტურებს ჩვენს კურსს და გვაძლევს გამბედაობას. ჩვენ ასევე ვგრძნობთ სხვა სექტორების შთამბეჭდავ სოლიდარობას, როგორიცაა მცხობელები, მეხორცეები, რესტორატორები და ხელოსნები, რომელთა ნაწილი მიტინგებზე ჩვენთან ერთად იდგა“, – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებაზე ისაუბრა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდერმაც, თუმცა დიზელის საკითხს არ შეეხო. ამავდროულად, მან პირობა დადო, რომ შეამცირებს ბიუროკრატიას და ასევე შეისწავლის საშემოსავლო გადასახადების ტარიფების შერბილების ან რისკის კომპენსაციის დაუბეგრავი რეზერვის შექმნის შესაძლებლობას.
„სოფლის მეურნეობა იმსახურებს მთელი საზოგადოების პატივისცემას. ჩვენ გვჭირდება სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც ენდობა ფერმერებს… ვიცი, რომ იზრდება ის ხარჯები, რაც ფერმერებმა უნდა დაფარონ“, – დასძინა მინისტრმა.
წყარო: agrarheute.com