გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, 10 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, გემუანი, ანიგოზი, ბლუ გარდენი, ჯეო ნატურალი, National Delicacy, ოჯახური, ქვევრის ღვინის მარანი, კავკასუს ორგანიკ ფრუთსი და ფუდოლიზის პროდუქცია – ქართული კაკალი, მოცვი, სხვადასხვა სახის სუნელი, თაფლი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, ორგანული წვენები და სხვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჩვენი მეწარმეები და ფერმერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში CASPIAN AGRO. მონაწილეთა უმეტესობა სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი. ვფიქრობ, ისინი, გამოფენის ფარგლებში, კონტაქტს დაამყარებენ ახალ პარტნიორებთან და აითვისებენ ახალ ბაზრებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობა 25 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. CASPIAN AGRO 2023 17 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა.