საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6683 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი – 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1330 – ქუთაისში, 1145 – ბათუმში, 1031 – ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6683 სამართალდამრღვევიდან, 5832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 – იურიდიული პირი.
4142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2256 – მიკროავტობუსის, 277 – სატვირთო ავტომობილის, 8 – ავტობუსის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.