აშშ-ში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

ღვინო, ფორუმი

აშშ-ში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინკული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები.

კონფერენციის გამომსვლელებს მისასალამებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი და სხვები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ კონფერენციაზე ქართული ღვინის ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა.

„ფორუმზე მოგვეცა შესაძლებლობა, ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინო, შეგვეჯამებინა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. კონფერენციაზე, ღვინის პროფასიონელებისგან მოვისმინეთ ადგილობრივი ბაზრის უახლესი ტენდენციები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად.

როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, 2013 წლიდან ახორციელებს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. ტექსასში გამართული ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირების კუთხით“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

თქვენი რეკლამა