ტყის ხანძარი მარსელთან ახლოს

ტყის, ხანძარი, საფრანგეთი

ტყის ხანძარმა საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის გარეუბნებს მიაღწია. ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ასობით კი ევაკუირებულია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 800 მეხანძრე მუშაობდა. სამშაბათის გვიან ღამით, ფრანგმა მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მარსელის მერმა ბენუა პაიანმა განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურები „ხელში შლანგებით პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ“. მან დასძინა, რომ პიკზე ხანძარი წუთში 1.2 კილომეტრის სიჩქარით ვრცელდებოდა. პაიანმა მოსახლეობას მოუწოდა „გამოეჩინათ მაქსიმალური სიფრთხილე“.

ფრანგული მედიის ცნობით, სულ მცირე 400 ადამიანი იქნა ევაკუირებული, მათ შორის ლე პინ-მირაბოს კომუნაში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის 71 ბინადარი.

ცხრა მეხანძრე დაშავდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დარჩნენ სახლში და არ დაეტოვებინათ ტერიტორია მანამ, სანამ ამის შესახებ მითითებას არ მისცემდნენ, რათა გზები გათავისუფლდეს სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის.

ხელისუფლებამ ასევე მოუწოდა ხალხს, რომ ტოქსიკური კვამლის თავიდან ასაცილებლად ფანჯრები დაკეტილი ჰქონდეთ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოუცხადა მეხანძრეებსა და დაზარალებულებს და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.

TGV-ის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერდა, ისევე როგორც მარსელის აეროპორტი, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთიც დაიკეტა.

უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის ჰოსპიტალ ნორდი „მიკროგათიშვების“ გამო გენერატორებზე გადაერთო.

რამდენიმეკვირიანი სიცხეები და ძლიერი ქარი სამხრეთ საფრანგეთში ხანძრების საშიშროებას ზრდის.

8 ივლისს, ვარის, ვოკლიზისა და ბუშ-დიუ-რონის სამხრეთ დეპარტამენტებში წითელი საფრთხის დონე გამოცხადდა, რაც ხანძრების საფრთხის ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს.

წყარო: euronews

თქვენი რეკლამა