2024 წლის ივნისში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს, დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის, 119 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 19, იმერეთში – 15, შიდა ქართლში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 4, გურიაში – 4, ქვემო ქართლში კი, 1.

ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს.

თქვენი რეკლამა