გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ, საქართველო მომავალ წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი, ძალიან დიდი აღიარება – გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არამხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
„მშვიდობა და ტურიზმი“ – ეს იქნება 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიება საქართველოში გაიმართება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობ, განსაკუთრებული დღესასწაული შეგვიძლია მოვუწყოთ საქართველოს, მის ტურიზმის სექტორს“, – აღნიშნა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.