ავტორი: ვანო მეჭურჭლიშვილი, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.
მარტის დასაწყისი ფერმერისთვის მხოლოდ საგაზაფხულო სამზადისის დრო არ არის. ეს არის პერიოდი, როცა უნდა გადაწყდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი — როდის და რა პირობებით მივა წყალი თქვენს ნაკვეთამდე. სწორედ ამიტომ, 2026 წლის სარწყავი სეზონის მოახლოებასთან ერთად, სემეკი ფერმერებს მოუწოდებს, 1-ელ აპრილამდე შეათანხმონ წყალსარგებლობის განრიგი. ეს არ არის მხოლოდ ფორმალობა — ეს არის წინასწარი მზადება, რომელიც ფერმერს აძლევს წყლის ათვისების პრიორიტეტს, ამცირებს სეზონზე გაუგებრობების რისკს და სახელმწიფო სუბსიდიით შეუფერხებლად სარგებლობის გარანტიაა.
საირიგაციო წყლის მიწოდება ორ ურთიერთდაკავშირებულ დოკუმენტს ეფუძნება. ერთი მხრივ, არსებობს საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმი — წლიური გეგმა, რომელიც აჩვენებს, რა პერიოდშია წყალმომარაგება დაგეგმილი კონკრეტულ სისტემაში. მეორე მხრივ კი არსებობს წყალსარგებლობის განრიგი — ინდივიდუალური შეთანხმება, რომელიც ამ საერთო გეგმას ფერმერის ნაკვეთს, სასურველ პერიოდსა და საჭიროებას უკავშირებს. სწორედ ამ შეთანხმებით ირკვევა, როდის უნდა შესრულდეს რწყვის ოპერაცია და რა მოცულობის წყალი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს.
სწორედ ამიტომ არის თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდი განსაკუთრებული. ამ დროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მომხმარებლები — ფერმერები — წყლის ათვისების პრიორიტეტით სარგებლობენ სხვა მომხმარებლებთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დრო, როცა ფერმერს შეუძლია თავისი მოთხოვნა სისტემაში წინასწარ დააფიქსიროს და გამოიყენოს ის უპირატესობა, რომელიც წესებით სწორედ მისთვის არის დადგენილი.
გასათვალისწინებელია, რომ 1-ელი აპრილის შემდეგ ფერმერები წყლის ათვისების ამ პრიორიტეტით ვეღარ ისარგებლებენ. თუ შეთანხმება დაგვიანდება, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ სისტემის თავისუფალი რესურსი უკვე ათვისებული აქვთ სხვა მიზნობრიობის მომხმარებლებს — მათ შორის ისეთ მსხვილ სუბიექტებს, როგორიცაა სატბორე მეურნეობები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა თავისი პრიორიტეტი 1-ელ აპრილამდე გამოიყენოს. ეს არის წინასწარი სიფრთხილე, რომელიც სეზონზე ბევრ გაუგებრობას აგარიდებთ.
აქ ერთი გადამწყვეტი რამ უნდა გვახსოვდეს: საირიგაციო წყალი „ონკანი“ არ არის. საირიგაციო სისტემა ძირითადად ღია არხებზეა მოწყობილი. წყალს მოძრაობისთვის დრო სჭირდება, მის მიწოდებას კი წინ უსწრებს არხების გაწმენდა, გამტარუნარიანობის შემოწმება, ტექნიკის მობილიზება და სამუშაო რესურსის განაწილება. დროულად შეთანხმებული განრიგი კომპანიისთვის არის მკაფიო სიგნალი, თუ სად არის საჭირო სისტემის მომზადება და რომელ მონაკვეთზე უნდა დასრულდეს სამუშაოები სეზონის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ მელიორაციის კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე არაერთხელ გაავრცელა.
ადრეული შეთანხმება, პირველ რიგში, თავად ფერმერისთვისაა სასარგებლო. როცა მოთხოვნა წინასწარ არის დაფიქსირებული, თქვენ გაქვთ მკაფიო მოლოდინი და ზუსტად იცით, როდის უნდა ელოდოთ წყალს. ამავე დროს, ეს პროცესი კომპანიასაც ეხმარება: თუ მოთხოვნები დროულად ჩანს, კომპანია რესურსს იქ მიმართავს, სადაც წყალი ნამდვილად იქნება საჭირო. პირიქით, როცა შეთანხმება გვიანდება და კომპანიას ისედაც გადატვირთულ პირობებში უწევს მოქმედება, დაგვიანებული მოთხოვნა იწვევს ზედმეტ ხარჯებს და რისკს, რომ თქვენს მონაკვეთზე არხების მომზადება დროულად ვეღარ მოესწროს.
წელს სახელმწიფო მხარდაჭერაც უკვე ოფიციალურად არის გაცხადებული: გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №444 განკარგულება, რომელიც ფერმერთა სუბსიდირებას ითვალისწინებს. ვინაიდან წელს სახელმწიფო სუბსიდია პირდაპირ უკავშირდება თქვენს ფაქტობრივ მოხმარებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განრიგში ზუსტად აისახოს თქვენი კულტურა და რწყვის რეალური პერიოდები. მონაცემების სიზუსტე პირდაპირ აისახება თქვენს ფინანსურ სარგებელზე და გამორიცხავს სუბსიდიის მიღებისას ტექნიკურ ხარვეზებს. შესაბამისად, 1-ელ აპრილამდე გაფორმება მნიშვნელოვანია როგორც წყლის გარანტირებული მიღებისთვის, ისე სახელმწიფო მხარდაჭერის შეუფერხებლად ასახვისთვის.
განრიგის გაფორმებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიწოდების წერტილს. ეს არის ადგილი საირიგაციო სისტემაზე, სადაც მთავრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და იწყება მომხმარებლის ვალდებულება — წყლის ნაკვეთამდე მიყვანა. წესების მიხედვით, ეს წერტილი უნდა იყოს საირიგაციო სისტემის თქვენს ნაკვეთთან უახლოესი ტექნიკურად შესაძლებელი კვანძი. კარგი პრაქტიკაა, რომ განრიგის გაფორმებისას აუცილებლად გადაამოწმოთ, სად არის განსაზღვრული თქვენი მიწოდების წერტილი. თუ ის მოუხერხებელია ან მუდმივად ქმნის სირთულეს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ მისი გადმოტანა ნაკვეთთან მაქსიმალურად ახლოს. ეს უფლება მოქმედებს ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე და ხშირად უფრო იოლად გვარდება, როცა მეზობელი ფერმერები კომპანიას ერთობლივად მიმართავენ.
დღეს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს აღრიცხვიანობის მოწესრიგებასაც. როცა ტარიფები კუბურ მეტრზეც არის დადგენილი, მრიცხველი ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გააკონტროლოს ხარჯები და სრულად აითვისოს წყალი განსაზღვრული ნორმების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც მორწყვის თანამედროვე ან კულტურულ მეთოდებს იყენებს. ასეთ შემთხვევაში მრიცხველის მოწყობის მოთხოვნა პრაქტიკული და გონივრული ნაბიჯია.
მომხმარებელს შეუძლია წერილობით მოითხოვოს მელიორაციის კომპანიისგან აღრიცხვის კვანძის მოწყობა შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ეს საფასური მოიცავს არა მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს, არამედ მის შემდგომ ექსპლუატაციას, მოვლა-პატრონობას, შეკეთებასა და შეცვლასაც — ზუსტად ისე, როგორც სხვა კომუნალურ მომსახურებებში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მცირე წყალაღების (მაგალითად, 50 მმ-მდე დიამეტრის) საშუალების გამოყენება ან უკვე არსებული საშუალების აღიარება. ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რომ წყლის მიღება ნაკლები ტექნიკური სირთულით და მეტი გამჭვირვალობით მოხდეს.
ხშირად ისმის კითხვა — რა მოხდება, თუ ამინდი შეიცვალა, ან რწყვა სხვა დროს დამჭირდა? ნუ შეგეშინდებათ განრიგის წინასწარ გაფორმების! საირიგაციო სისტემა მოქნილია და მოქმედი წესები გაძლევთ სრულ საშუალებას, სეზონის განმავლობაშიც მართოთ თქვენი რწყვის ოპერაციები და არ დაზარალდეთ. მართალია, სასურველია რწყვის ოპერაციები 1-ელ აპრილამდე დააზუსტოთ, თუმცა წესები ასევე ითვალისწინებს:
- გაუქმება ან კორექტირება: რწყვის კონკრეტული ოპერაციის გაუქმება ან კორექტირება შესაძლებელია კონკრეტულ რწყვის ოპერაციამდე 20 დღით ადრე;
- გადავადება: მოულოდნელი საჭიროებისას, რწყვის ოპერაციის მაქსიმუმ 2 კვირით გადაწევა შეგიძლიათ დაგეგმილ თარიღამდე 10 დღით ადრე მიმართვის შემთხვევაში.
უნდა გვახსოვდეს პრინციპული საკითხიც: საირიგაციო წყლის მიღება მხოლოდ წყალსარგებლობის განრიგის საფუძველზეა დაშვებული. შეთანხმების გარეშე წყლის აღება მიიჩნევა უკანონო მოხმარებად, რაზეც გავრცელდება შესაბამისი საჯარიმო სანქციები და, რაც მთავარია, არ დასუბსიდირდება. ვინც წყალს წინასწარი შეთანხმების გარეშე იღებს, ის არა მხოლოდ არღვევს წესს, არამედ კარგავს იმ სახელმწიფო მხარდაჭერასაც, რომელიც კანონიერ მოხმარებაზეა გათვლილი.
როგორ უნდა მოიქცეთ ახლა? დღეს ფერმერს აქვს შესაძლებლობა, ეს პროცესი მარტივად და დაზოგილ დროში მოაგვაროს:
- თუ თქვენი მონაცემები 100%-ით ზუსტია და არ იცვლება: დაზოგეთ დრო — მობილური ტელეფონიდან უბრალოდ აკრიფეთ *303#, მოითხოვეთ განრიგის გაფორმება გასული წლის პირობებით და დაადასტურეთ მიღებული SMS შეთავაზება.
- თუ მონაცემები შესაცვლელია: თუ გასულ წელთან შედარებით შეგეცვალათ კულტურა, სარწყავი ფართობი, ან გსურთ წინა წლების უზუსტობების გასწორება, აუცილებლად მიმართეთ შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს მონაცემების გასაახლებლად და განრიგის დასაზუსტებლად.
ამ სტატიის მთავარი გზავნილი მარტივია: არ დაელოდოთ სეზონის პიკს. გამოიყენეთ თქვენი პრიორიტეტი წყლის ათვისებაზე, დააზუსტეთ მონაცემები (სუბსიდიის გავრცელებისთვის) და შეხვდით სეზონს მომზადებული. 1-ელ აპრილამდე შეთანხმებული განრიგი ნიშნავს, რომ ამცირებთ გაუგებრობებს და კომპანიას აძლევთ საშუალებას, სისტემა დროულად მოამზადოს. ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომ სახელმწიფო სუბსიდიითაც შეუფერხებლად ისარგებლოთ და სარწყავი სეზონი ნაკლები დაძაბულობით წარიმართოს.

