ვანო მეჭურჭლიშვილი: საირიგაციოს სისტემა და წყლის მიწოდება უფრო სტაბილური, სამართლიანი და პროგნოზირებადი გახდა

სემეკი

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი, მიმდინარე წელს სემეკის მიერ მელიორაციის სექტორის რეგულირების სესახებ საუბრობს: 

          „უკვე დავასრულეთ კიდევ ერთი საირიგაციო წელიწადი და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ იმ პრინციპებზე, წესებზე და ახალ შესალებლობებზე, რომლებმაც საირიგაციოს სისტემა და წყლის მიწოდება უფრო სტაბილური, სამართლიანი და პროგნოზირებადი გახადა. ახალი რეგულაციის ძალაში შესვლიდან მოყოლებული, ჩვენი (მარეგულირებელი კომისიის) მიზანი იყო გამჭვირვალობა შეგვეტანა იმ პროცესებში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა იყო, წყლის განაწილების წესრიგი მკაფიოდ დაგვედგინა და თითოეულ თქვენგანისთვის მოგვეცა ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც სწორ მოლოდინს შეგიქმნიდათ და გაგიადვილებდათ რწყვის პროცესს, ისე მთელი სეზონის დაგეგმვას. სწორედ ამიტომ, წლის ბოლოს გვინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის ძირითადი გზავნილები, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლებიც თქვენი მომავალი სეზონის სწორად დაგეგმვის საწინდარია.

          დღეს უკვე ხელმისაწვდომია მომდევნო, — 2026 წლისმიწოდების რეჟიმის პროექტი, რომელიც მელიორაციის კომპანიამ გამოაქვეყნა. ეს არის ძირითადი დოკუმენტი, სადაც ჩანს, მთელი წლის განმავლობაში საირიგაციო სისტემაში სად და როდის იქნება წყალი. სწორედ ეს გეგმა განსაზღვრავს გარანტირებული მიწოდების პირობას, შესაძლებელი იქნება თუ არა წყლის დროული მიღება იმ პერიოდში, როცა თქვენს კულტურას ყველაზე მეტად სჭირდება. ახლა, სეზონის დაწყებამდე, სწორედ თქვენი ჩართულობა ხდება ყველაზე გადამწყვეტი — მიწოდების რეჟიმის გამოქვეყნებულ პროექტში აუცილებლად გადაამოწმეთ, არის თუ არა თქვენს ზონაზე წყალმომარაგების პერიოდი, თქვენთვის მისაღებ პერიოდზე გათვალისწინებული. თუ თქვენს საჭიროებას ეს გეგმა არ ემთხვევა, უნდა მიმართოთ მელიორაციის კომპანიას წერილობით და მოითხოვოთ ცვლილება. თქვენი აქტიურობა საჯარო განხილვამდე და მის დამტკიცებამდე არის ყველაზე ეფექტური გზა, რომ წყლის განაწილება მაქსიმალურად ახლოს იყოს რეალურ საჭიროებებთან.

          ჩვენ პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ, რომ წყლის მიღების საიმედოობის ერთ-ერთი მთავარი პირობა მიწოდების წერტილის მდებარეობაა. წერტილი, საიდანაც იღებთ წყალს, არის ადგილი, სადაც მთავრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და იწყება თქვენი. ამიტომ, თუ მიწოდების წერტილი საკმაოდ შორსაა, არაპირდაპირ ხელმისაწვდომია ან პრაქტიკაში იწვევს შეფერხებებს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მისი გადმოწევა თქვენს ნაკვეთთან უფრო ახლოს. განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ასეთი მოთხოვნა რამდენიმე მეზობელი ნაკვეთების მფლობელთან ერთად კეთდება — ერთობლივი განაცხადი საშუალებას იძლევა, საერთო წერტილზე მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, მელიორაციის კომპანიას რეალური პასუხისმგებლობა გაეზარდოს წყლის თქვენ ნაკვეთთან უფრო ახლოს მოყვანაზე, შესაბამისად, წყალი მიიღოთ უფრო საიმედოდ და ნაკლები დანაკარგით. ყოველივე  უზრუნველყოფს როგორც კონფლიქტის შემცირებას, ისე SMS შეტყობინების სისტემის უფრო მკაფიო და ეფექტურ ფუნქციონირებას, რადგან წყლის მოსვლის დრო და ადრესატი უფრო ზუსტად განისაზღვრება.

          მომავალი სეზონის დაგეგმვაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება კიდევ ერთი საკითხი — წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება. როგორც წინა სტატიებში მოგახსენებდით, საირიგაციო წყალი მხოლოდ შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული მოცულობით არის დაშვებული. თებერვალმარტის თვეში განრიგის დროული გაფორმება გაძლევთ ყველაზე ძლიერ გარანტიას, რომ წყალს მიიღებთ მაშინ, როცა მცენარეს ეს სჭირდება და არ აღმოჩნდებით იმ ჯგუფში, ვინც წყალზე წვდომას მხოლოდ დარჩენილი რესურსიდან იღებს (წყალსარგებლობის უპირატესობის დაკარგვით). გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ რიგებს, გაუგებრობებს და ტექნიკურ შეფერხებებს, რაც უკვე კარგად ვიცით, რამდენად ხშირად იწვევს პრობლემებს სეზონის მიმდინარეობისას. ხოლო შეთანხმების გარეშე წყლის აღება პირდაპირ ჩაითვლება უკანონო მოხმარებად და შედეგად მოიტანს  ჯარიმასაც და მოხმარებული წყლის საფასურის ცალკე დარიცხვასაც.

          სისტემის გამართულ მუშაობას დიდად უწყობს ხელს კომუნიკაციის სამი ძირითადი არხი, რომელთა შესახებაც მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გიყვებოდით. იუსტიციის სახლის ფილიალებში შესაძლებელია ნებისმიერი განაცხადის შეტანა, იქნება ეს მიწოდების წერტილთან დაკავშირებით, წყალსარგებლობის განრიგზე შეთანხმება თუ სხვა საკითხი. ეს გზა გამარტივებულია და ბიუროკრატიისგან თავისუფალი. იმავე სივრცეში შეგიძლიათ მიმართოთ მარეგულირებელ კომისიას, თუ პრობლემის გადაჭრა კომპანიასთან შეთანხმებით ვერ მოხერხდა. დამატებით, *303# მობილური სერვისი არის ოპერატიული კავშირისთვის, ის  საშუალებას გაძლევთ საველე პირობებში, ინტერნეტის და რეგისტრაციის გარეშე მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია — განრიგი, ბალანსი, ან საჭიროების შემთხვევაში მოახდინოთ პრობლემის დაფიქსირება (რომელზეც რეაგირების პროცესი მარეგულირებელი კომისიის მიერ რეალურ დროში კონტროლდება).

         ყოველივე ზემოაღნიშნულმა და მელიორაციის კომპანიაში მრავალ ეტაპიანმა რეფორმებმა, ერთად შექმნა გარემო, სადაც საირიგაციო წყლით სარგებლობა აღარ არის გაუგებრობებისა და დაძაბულობის წყარო. მას დღეს უკვე საფუძვლად უდევს სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული პროცესები და რაც მთავარია შეთანხმება (წყალსარგებლობის განრიგის სახით). მთელი წლის განმავლობაში მიზანი ერთი იყო — წყალი ჰქონოდა იმ ადამიანს, ვისაც რეალურად სჭირდებოდა, იმ მოცულობით, იმ დროს და იმ წერტილამდე, რომელიც აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად წყალსარგებლობის განრიგით არის შეთანხმებული.

          ახლა კი, როდესაც ემზადებით მომავალი სეზონისთვის, უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს გეგმებს, შეამოწმოთ მიწოდების რეჟიმის პროექტი, მოითხოვოთ საჭირო ცვლილებები, იზრუნოთ მიწოდების წერტილის სწორ განლაგებაზე და არ გადადოთ წყალსარგებლობის განრიგის გაფორმება. ეს ნაბიჯები თქვენი მოსავლის, თქვენი წყალზე უფლების და თქვენი დაცვის ყველაზე ძლიერი გარანტიაა. ერთად გავაგრძელოთ გამჭვირვალე, სამართლიანი და უფრო საიმედო საირიგაციო სისტემის შექმნა“.

თქვენი რეკლამა