ფერმერის გზამკვლევი: საირიგაციო წყლით სარგებლობა წესების დაცვით

სარწყავი, წყლის, მიწოდება

          საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საირიგაციო წყლით სარგებლობის წესების დაცვაზე საუბრობს:

          „ეს სტატია არის პრაქტიკული გზამკვლევი ფერმერებისთვის, ვისაც სურს საირიგაციო წყლის გამოყენება თავისი ნაკვეთის სარწყავად. სტატიის დახმარებით ფერმერი შეიტყობს, როგორ მოითხოვოს სარწყავი წყლის მიწოდება მელიორაციის კომპანიისგან და როგორ მოიხმაროს წყალი მიზნობრივად და არსებული წესების დაცვით. პირველ რიგში, ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ იგი ე.წ. პროფილური მომხმარებელია — ეს ნიშნავს, რომ წყალს იყენებს მიწის სარწყავად. მოგეხსენებათ, საირიგაციო სისტემას თავისი შესაძლებლობების აქვს.  შეუძლებელია ყველა ფერმერი ერთდროულად და მუდმივად მომარაგდეს წყლით. ამიტომ აუცილებელია წინასწარ დაიგეგმოს, საირიგაციო სისტემიდან ვინ როდის მიიღებს წყალს და რა რაოდენობით. აღნიშნულ პროცესს ეწოდება წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პროცესი.  სწორედ ამ შეთანხმებით განისაზღვრება, როდის და რა მოცულობით შეიძლება წყლის მიღება ფერმერის მიერ. თუ ფერმერი წყალს მოიხმარს შეთანხმებული განრიგის დარღვევით ან მის გარეშე, იგი არღვევს სხვა ფერმერების უფლებას და იწვევს წყლის დეფიციტს/დანაკლისს იმ ფერმერისთვის ვისაც წყალი ამ დროს ეკუთვნოდა. მსგავსი ქმედება ითვლება უკანონო მოხმარებად, რის გამოც უკანონო მომხმარებელს დაეკისრება როგორც ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), ასევე მოუწევს უკანონოდ მოხმარებული წყლის ღირებულების განცალკევებულად გადახდა.

          წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას ასევე დგინდება მიწოდების წერტილი, სწორედ ამ მიწოდების წერტილით განისაზღვრება, თუ საიდან უნდა აიღოს ფერმერმა სარწყავი წყალი. მიწოდების წერტილი არის ადგილი საირიგაციო სისტემაზე, საიდანაც ფერმერი იღებს წყალს და სადაც მთავრდება მელიორაციის კომპანიის პასუხისმგებლობა. მიწოდების წერტილის შემდეგ უკვე ფერმერზეა დამოკიდებული, როგორ მიიყვანს წყალს მის ნაკვეთამდე. წესების მიხედვით, მიწოდების წერტილი უნდა განისაზღვროს მომხმარებლის ნაკვეთთან ყველაზე ახლოს არსებულ საირიგაციო სისტემის იმ ადგილზე, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია წყლის მიწოდების კონტროლი (წყლის გაშვება/დაკეტვა), ან შესაძლებელია მისი მოწყობა. თუ ფერმერს მიაჩნია, რომ მიწოდების წერტილი მისთვის მიუწვდომელია ან უკეთესი იქნება სხვა ადგილზე გადატანა, მას აქვს უფლება წერილობით მოითხოვოს მიწოდების წერტილის შეცვლა. ეს შესაძლებელია როგორც წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, ისე შემდგომ პერიოდშიც.

          წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების შემდგომ, რათა ფერმერს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია რწყვის ოპერაციის შესახებ, ყოველი რწყვის ოპერაციის დაწყების წინ, მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს წინასწარ ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც მითითებულია როგორც რწყვის პერიოდი, ისე ის მომხმარებელი, ვისთვისაც განკუთვნილია მიწოდებული წყალი შესაბამის მიწოდების წერტილზე, რწყვის ოპერაციის დაწყებისა და დასრულების პერიოდის მითითებით.  შეტყობინება ეხმარება ფერმერს წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და მოემზადოს წყლის მისაღებად იმ დროში, რომელიც შეთანხმებულია განრიგით. აღნიშნული ერთ-ერთი საკვანძო მექანიზმია საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის გამჭვირვალე და სამართლიანი განაწილებისთვის, ასევე სწორი მოლოდინის შექმნისა და წყალზე მოთხოვნის მართვისთვის.

          ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ თუ მის ნაკვეთს ან კულტურას წყალი აზიანებს ან აშკარად ემუქრება დაზიანებით, მას აქვს უფლება მოითხოვოს წყალმომარაგების შეწყვეტა მელიორაციის კომპანიისაგან. მაგალითისათვის, მსგავსი შემთხვევა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთდამოკიდებულ მიწის ნაკვეთებში შეუთანხმებელმა რწყვის ოპერაციამ. ამიტომ აუცილებელია, წინასწარ თავსებად კულტურებზე შეთანხმება ფერმერების მიერ.

          ფერმერებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებულ დროს წყალი არ მიეწოდება, ფერმერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მელიორაციის კომპანიას და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება. თუ პრობლემა არ მოგვარდა, ფერმერს უფლება აქვს, მელიორაციის კომპანიას წერილობით მოსთხოვოს დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. დეფიციტის რეჟიმის დროს საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი პრიორიტეტულად მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეიძლება მიეწოდოს, რომლებიც წყალს სოფლის მეურნეობის — სარწყავი მიზნით მოიხმარენ. მხოლოდ მათი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელია სხვა მიზნებისთვის წყლის მიწოდება არაპროფილური მომხმარებლებისთვის.

          რაც შეეხება საირიგაციო სისტემაზე მიერთებას ერთ-ერთი პრაქტიკული გზა არის მცირე წყალაღების საშუალებით წყლის მოხმარება. ამ ეტაპზე საირიგაციო სისტემიდან მცირე წყალაღება დასაშვებია მაქსიმუმ 50 მმ-იანი დიამეტრის საშუალებით. მცირე წყალაღებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საირიგაციო სისტემიდან წყალაღების არსებული წერტილის აღიარებით, ისე ახლის მოწყობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სხვა გზა ვერ იძლევა დროულ წვდომას წყალზე, ან ახალი მიწოდების წერტილის მოწყობა დიდ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ სერვისით სარგებლობა აძლევს მომხმარებელს საშუალებას, მიიღოს წყალი მისთვის მოსახერხებელ დროს და სხვადასხვა ოპერაციისთვის შესაბამისი ინტენსივობით. მცირე წყალაღების საშუალებით წყლის მიღების მომსახურების პირობები მორგებულია საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებისთვის, ასევე იმ ფერმერებისთვის, ვისაც წყალი სჭირდება სეზონურად ან სპეციფიკური საჭიროებებისთვის.

          ფერმერისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს როგორ და სად უნდა მიმართოს მელიორაციის კომპანიას სხვადასხვა მოთხოვნით ან საჭიროებისთვის. სწორედ ამიტომ, ყველა სერვისი და განაცხადი, რაც მელიორაციის მომსახურებას უკავშირდება, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალის მეშვეობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები,  წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მომსახურების დამატებაზე, რაც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრები მთელს საქართველოშია განთავსებული და მომსახურების მაღალი სტანდარტი აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. აღნიშნული კიდევ უფრო ამარტივებს ფერმერებისთვის მელიორაციის კომპანიასთან ურთიერთობას და არა მხოლოდ ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, არამედ აჩქარებს მომსახურების მიღების პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან მომსახურება არ შეესაბამება მოლოდინს, მომხმარებელს ამავე სივრცეში შეუძლია მიმართოს სემეკს — მარეგულირებელ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის ობიექტურ შესწავლასა და მოახდენს სათანადო რეაგირებას.

          წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმება, წყლის მიწოდების წერტილის განსაზღვრა, შეტყობინებების მიხედვით რწყვის ოპერაციის სწორად დაგეგმვა და საჭიროების შემთხვევაში დეფიციტის რეჟიმის მოთხოვნა — ეს ის ძირითადი ნაბიჯებია, რომლებიც ფერმერს უზრუნველყოფს იმით, რომ რწყვის ოპერაცია არ შეფერხდეს, ასევე უზრუნველყოფს წყლის რაციონალურ გამოყენებას, მომარაგების უწყვეტობასა და სწორი მოლოდინების შექმნას, რაც ფერმერისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოებებია“.

თქვენი რეკლამა