თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება

თეთნულდზე

საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.

საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომელთაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.

შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტულ ბრენდის გაძლიერებისთვის.

„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები, ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტებზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

თქვენი რეკლამა