საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდართან“ ერთად გარდაბანში აშენდება.
ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა“ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ, ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.