ავტორი: ვანო მეჭურჭლიშვილი, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი
ივლისის შუა რიცხვებია და საირიგაციო სეზონი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის. სწორედ ახლა ჩანს ყველაზე კარგად, რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი, სწორად განსაზღვრული მიწოდების წერტილი, წყლის გამჭვირვალე და სამართლიანი განაწილება, ასევე სხვა, სემეკის რეგულაციით შექმნილი წესები და დანერგილი მომსახურებები.
მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებულმა მარეგულირებელმა რეფორმამ მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო და აღიარებულ იქნა როგორც მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმის ერთერთ მთავარ საყრდენად. საერთაშორისო პარტნიორმა აღნიშნა საქართველოს საირიგაციო სექტორში მიწოდებული წყლის მოცულობაზე დაფუძნებული ტარიფის სისტემის დანერგვისა და საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომის ჩამოყალიბების მნიშვნელობა. ეს შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორში შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო რეფორმის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და საირიგაციო წყლის ეფექტიანი მართვისკენ.
თუმცა ფერმერისთვის მთავარი კითხვა პრაქტიკულია: რას ცვლის ეს ყველაფერი დღეს, როცა წყალი ყველაზე მეტად სჭირდება? როგორ უნდა მიიღოს წყალი კანონიერად? როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლება, თუ შეთანხმებულ პერიოდში წყალი არ მიეწოდა? რა ფინანსურ სარგებელს აძლევს მას წესების დაცვა და რას კარგავს უკანონო მოხმარების შემთხვევაში?
ქვემოთ სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.
რას ცვლის სემეკის რეგულაცია ფერმერისთვის?
სემეკის რეგულაციის მთავარი მიზანია, საირიგაციო წყლის მიწოდება აღარ იყოს შემთხვევითობაზე, ზეპირ შეთანხმებაზე ან გაურკვეველ მოლოდინზე დამოკიდებული. ფერმერმა წინასწარ უნდა იცოდეს, როდის და რა მოცულობით მიეწოდება წყალი, სად არის მისი მიწოდების წერტილი, რა ვალდებულება აქვს მელიორაციის კომპანიას და როგორ დაიცვას საკუთარი უფლება პრობლემის შემთხვევაში.
ამას ემსახურება საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმი — წინასწარ გამოქვეყნებული მიწოდების რეჟიმო (წლიური გეგმა), რომელიც აჩვენებს, როდის და რა მოცულობით არის დაგეგმილი წყლის მიწოდება კონკრეტულ საირიგაციო სისტემაში. მისი ცოდნა ფერმერს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვასა და წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რისკების წინასწარ შეფასებაში.
რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წყალსარგებლობის განრიგს, მიწოდების წერტილს, დეფიციტის პირობებში წყლის განაწილების წესს, მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულებებსა და იმ მომსახურებებს, რომლებიც ფერმერს საკუთარი უფლებების პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
რატომ არის წყალსარგებლობის განრიგი აუცილებელი და თუ ივლისში ჯერ არ მაქვს, ახლა მაინც უნდა შევათანხმო?
წყალსარგებლობის განრიგი არის ფერმერსა და მელიორაციის კომპანიას შორის შეთანხმებული გეგმა, რომლითაც განისაზღვრება, როდის, რა მოცულობით და რომელ მიწოდების წერტილში უნდა მიიღოს მომხმარებელმა საირიგაციო წყალი. სწორედ განრიგის საფუძველზე შეუძლია მომხმარებელს მოითხოვოს წყალი შეთანხმებულ პერიოდში და შეთანხმებული პირობებით.
პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე მოქმედი წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პრიორიტეტული პერიოდი უკვე დასრულებულია. თუმცა, თუ ფერმერს განრიგი ჯერ არ აქვს შეთანხმებული, მან ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწესრიგოს. დაგვიანებული მიმართვისას თავისუფალი რესურსი შესაძლოა უკვე სხვა მომხმარებლების საჭიროებებზე იყოს განაწილებული, მაგრამ განრიგის გარეშე ან შეთანხმებული განრიგის დარღვევით წყლის აღება უკანონოა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იწვევს.
სეზონის პიკში განრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: წყლის მოთხოვნა მაღალია და ნებისმიერი შეუთანხმებელი მოხმარება აზიანებს როგორც სისტემას, ისე სხვა ფერმერებს. განრიგი საჭიროა იმისთვის, რომ საირიგაციო წყლის მიწოდება იყოს შეთანხმებული, დოკუმენტირებული და უკეთ დაგეგმილი.
რა ფინანსურ სარგებელს მაძლევს კანონიერად შეთანხმებული განრიგი და რას ვკარგავ უკანონო მოხმარებისას?
კანონიერად შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი ფერმერს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს.
გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებელი იხდის პირველი რწყვის ოპერაციის საფასურს: ერთწლიანი კულტურის შემთხვევაში — 116,50 ლარს ჰექტარზე, მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში კი — 102 ლარს ჰექტარზე. მომდევნო სამი რწყვის ოპერაცია სახელმწიფოს მიერ ფინანსდება — ერთწლოვანი კულტურისთვის ჯამურად 349,50 ლარის, ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის 306 ლარის ფარგლებში.
ამ მხარდაჭერის მთავარი პირობა კანონიერად და შეთანხმებული პირობებით მიღებული მომსახურებაა. წყალსარგებლობის განრიგის დარღვევით ან განრიგის გარეშე წყლის აღება უკანონო მოხმარებაა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელზე სახელმწიფო სუბსიდირება არ ვრცელდება, მას სრულად ერიცხება უკანონოდ მოხმარებული წყლის საფასური მ³-ში და შესაძლოა დაეკისროს შესაბამისი სანქციაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ამიტომ წყალსარგებლობის განრიგი მხოლოდ ფორმალური მოთხოვნა არ არის — ის არის როგორც წყლის კანონიერად მიღების, ისე ფინანსური სარგებლის შენარჩუნების მნიშვნელოვანი საფუძველი.
თუ ამინდი ან საჭიროება შეიცვალა, შემიძლია განრიგის შეცვლა?
დიახ. წყალსარგებლობის განრიგი ფერმერს არ აბამს ისეთ პირობებზე, რომლებიც მის რეალურ საჭიროებას აღარ შეესაბამება.
თუ ბუნებრივი პირობების, ამინდის ან აგროტექნიკური საჭიროების გამო დაგეგმილი რწყვის ოპერაცია შეთანხმებულ პერიოდში აღარ გჭირდებათ, მისი სხვა პერიოდზე გადატანა შესაძლებელია, თუ მელიორაციის კომპანიას შესაბამისი მოთხოვნით დაგეგმილ ოპერაციამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე მიმართავთ.
კონკრეტული რწყვის ოპერაციის გაუქმების მოთხოვნა კი უნდა დაფიქსირდეს შესაბამის ოპერაციამდე 20 კალენდარული დღით ადრე.
ამგვარად, წინასწარი განრიგი ქმნის აუცილებელ წესრიგს, ხოლო მისი ცვლილების მექანიზმი ფერმერს საშუალებას აძლევს, დაგეგმილი წყალმოხმარება რეალურ საჭიროებებს მოარგოს.
რა არის მიწოდების წერტილი და რა გავაკეთო, თუ ის პრობლემას მიქმნის?
მიწოდების წერტილი არის ადგილი საირიგაციო სისტემაში, სადაც მთავრდება მელიორაციის კომპანიის პასუხისმგებლობა წყლის მიწოდებაზე და იწყება მომხმარებლის პასუხისმგებლობა წყლის საკუთარ ნაკვეთამდე მიყვანაზე.
თუ მიწოდების წერტილი ფერმერისთვის მიუწვდომელია, პრაქტიკაში პრობლემას ქმნის ან წყლის ნაკვეთამდე მიყვანა მნიშვნელოვან დანაკარგებთან არის დაკავშირებული, მომხმარებელს შეუძლია მელიორაციის კომპანიას მისი შეცვლის მოთხოვნით მიმართოს, ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. სწორად განსაზღვრული მიწოდების წერტილი ფერმერის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.
რა უფლება მაქვს, თუ შეთანხმებულ პერიოდში წყალი არ მომეწოდა?
თუ შეთანხმებულ პერიოდში წყალი არ მოგეწოდათ, პირველ რიგში მიმართეთ მელიორაციის კომპანიას, და მოითხოვეთ პრობლემის რეგისტრაცია, ასევე *303#-ით დააფიქსირეთ ავარიული წყვეტა (ოპერატიული რეაგირებისთვის). წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სხვა პერიოდზე გადასატანადაც მიმართოთ 5 კალენდარული დღის ვადაში.
მნიშვნელოვანია, პრობლემა მხოლოდ ზეპირ პრეტენზიად არ დარჩეს. უნდა დაფიქსირდეს, როდის და რა მოცულობით იყო დაგეგმილი წყლის მიწოდება, რომელ მიწოდების წერტილში უნდა მიგეღოთ წყალი და რა პრობლემა წარმოიშვა. ამისთვის შეგიძლიათ *303#-ით ავარიული წყვეტის დაფიქსირება, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით დაფიქსირებაც.
ამასთან, წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება.
დეფიციტის პირობებში წყლის განაწილების წესი უზრუნველყოფს, რომ არსებული წყალი პირველ რიგში მიეწოდოს იმ მომხმარებლებს, რომლებიც მას სასოფლო-სამეურნეო — სარწყავი მიზნით მოიხმარენ, ხოლო არაპროფილურ მომხმარებლებს წყალი მხოლოდ მათი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ მიეწოდოს. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც წყლის სამართლიან განაწილებას, რაციონალურ გამოყენებასა და ფერმერის მოსავლის დაცვას ემსახურება.
სად და როგორ შემიძლია მოთხოვნის ან პრობლემის დაფიქსირება?
მომხმარებელს რამდენიმე არხის გამოყენება შეუძლია.
მელიორაციის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხით შესაძლებელია პირდაპირ შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“ მიმართვა. თუმცა პრობლემის დაფიქსირება სჯობს ოფიცილაური არხებით: *303#-ით ან იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
*303# სერვისი მუშაობს მობილური ტელეფონით, ინტერნეტის გარეშე და ფერმერს საშუალებას აძლევს, საველე პირობებიდან გადაამოწმოს ინფორმაცია, დააფიქსიროს წყალმომარაგებასთან ან დარიცხვასთან დაკავშირებული საკითხი, მოითხოვოს რეაგირება მომარაგების პრობლემაზე და გასული წლის პირობებით დაადასტუროს მიმდინარე სეზონის წყალსარგებლობის განრიგი.
მომხმარებელს შეუძლია მიმართოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალსაც, სადაც შესაძლებელია მელიორაციის სექტორთან დაკავშირებული მოთხოვნის, განცხადების ან საჩივრის დაფიქსირება შესაბამისი მომსახურებების ფარგლებში.
SMS ინფორმირებით მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია წყალსარგებლობის განრიგის, წყლის მიწოდების დაწყებისა და დასრულების, დაგეგმილი ან ავარიული წყვეტისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
თუ მელიორაციის კომპანიასთან საკითხის მოგვარება ვერ ხერხდება ან მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი უფლება ირღვევა, მას შეუძლია მიმართოს სემეკს, ასებე იუსტიციის სახლის მეშვეობით.
სემეკში მიმართვა მომხმარებლისთვის საკუთარი უფლებების დაცვისა და მომსახურების წესებისა და პირობების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა.
მთავარი გზავნილი სეზონის პიკში
საირიგაციო სეზონის პიკში წყლის მიღება უნდა იყოს შეთანხმებული, დოკუმენტირებული და წესებზე დაფუძნებული.
წყალსარგებლობის განრიგი იცავს როგორც კონკრეტულ ფერმერს, ისე სხვა მომხმარებლებსაც; სახელმწიფო მხარდაჭერა უკავშირდება კანონიერად მიღებულ მომსახურებას; უკანონო მოხმარება კი მომხმარებელს ფინანსური ზიანისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკს უქმნის.
მიწოდების წერტილი განსაზღვრავს კომპანიისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობებს, დეფიციტის რეჟიმი იცავს სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებს წყლის სიმცირისას, ხოლო *303#, იუსტიციის სახლი, SMS ინფორმირება და სემეკში მიმართვის შესაძლებლობა ფერმერს საკუთარი უფლებების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმებს აძლევს.
სემეკის რეგულაციის მიზანია, ფერმერმა იცოდეს საკუთარი უფლებები, კომპანიამ — თავისი ვალდებულებები, ხოლო შეზღუდული წყლის რესურსი იმართებოდეს უფრო გამჭვირვალედ, სამართლიანად და რაციონალურად.

