სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში მსხვილფეხა საქონელს ინსექტოაკარიციდული პრეპარატებით ამუშავებენ.
პირუტყვის დამუშავება მიმდინარეობს ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპატილეტეტების სოფლებში (ნაქურდევი, ტოლოში, მუსხი). ამ დროისათვის 1120 სული მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ; მინდორში მუშაობისას, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს (CCHF) ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ტკიპის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ყირიმ-კონგოს შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე და მათ აქტიურობას ხელს უწყობს თბილი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული.
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო