ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ეკოკლუბების კონკურსია და მისი მთავარი მიზანი, სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. 2023 წელს კონკურსში 450-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალური შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის წლევანდელი საკონკურსო თემა კლიმატის ცვლილება იყო. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის, გარემოსდაცვითი განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია და სხვა მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების გზით“, – განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023-ის გამარჯვებული მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა გახდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულია მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა. ტრადიციულად, სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები, ერთი დღით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების „პოსტს დაიკავებენ“ და მონაწილეობას მიიღებენ ეკოლიდერთა და აგრო სკოლის პროგრამაში.
კონკურსის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოავლინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი – ეთერ გეწაძე, სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლიდან; ასევე, სპეციალურ ნომინაციაში – „წლის ეკოსპიკერი“ დაასახელა – ალექსანდრე ბენიძე, გელა ჭედიას სახელობის სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლიდან.
ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლა გახდა. სააგენტომ მრავალფუნქციური პროექტორი სკოლის ეკოკლუბს მწვანე სიცოცხლე გადასცა.
ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 35 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც საკუთარ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თომას მიულმანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლი ესწრებოდნენ.