კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

ჭალის, მუხა, დარგვა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და CENN-ის ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გამართა.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო.

ღონისძიება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ახორციელებენ.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის საერთაშორისო დღეს კრწანისის ტყე-პარკში აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ ტყე-პარკში აღინიშნება, სადაც სამინისტრო ტყის აღდგენის და გამწვანების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დარგვა-დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას განცხადებით, ტყის საერთაშორისო დღის მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რისთვისაც არაერთი გარემოსდაცვითი აქცია იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო  დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), ორგანიზაცია „საბუკო“, გარემოს ახალგაზრდა დამცველები და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის  აღნიშვნის  თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა – გზა კეთილდღეობისთვის”.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, კრწანისის ტყე-პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა