ყურძნის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო ღვინოს ექსპორტზე შვედეთში გაიტანს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს.
საწარმოში, წელს პირველად, 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლამიანი“ 21 ადგილობრივ მევენახეს აერთიანებს, კოოპერატივის წევრთა მფლობელობაშია 20 ჰექტარზე მეტი ვენახი.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი კახეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედ კოოპერაციულ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.
პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 26 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული, მათ შორის, კახეთის რეგიონიდან – 24, იმერეთიდან -1 , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან – 1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა 12,4 მლნ ლარს შეადგენს.