17-18 დეკემბერი, 2022 – მეექვსე აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ საახალწლო თემატიკით გაიმართება თბილისში, დედაენის ბაღში. ღონისძიება ორგანიზებულია „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) მიერ „სთოლთან“ პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ მიზანია მცირე და საშუალო მწარმოებლებს მხარი დაუჭიროს ნიშური პროდუქტების გაყიდვის, ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების, ახალ მომხმარებლებთან დაკავშირებისა და სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით.
ღონისძიებაზე, საკუთარ პროდუქტს წარადგენს 50-ზე მეტი ფერმერი საქართველოს 8 რეგიონიდან. აგრობაზრის პარალელურად გაიმართება გასართობი ღონისძიებები საახალწლო თემატიკით, ყველა ასაკის ადამიანისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება და გაიყიდება ნიშური პროდუქტები, როგორებიცაა ქართული ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვ. ყველასთვის კარგად ნაცნობი და ასევე ბევრისთვის უცნობი ადგილზე მომზადებული საკვები პროდუქტები და სასმელები კი კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შესძენს „უნიკალურ ქართულ გემოს“ ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ FAO აგრობაზრის ყველა მონაწილეს საპატიო სიგელს გადასცემს FAO-ს ტრენინგებში მონაწილეობისთვის და საქართველოს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.
ადგილმდებარეობა: დედაენის ბაღი.
დრო: 13:00 – 19:00
აგრობაზრობების სერიას FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. ღონისძიების მონაწილეებს გავლილი აქვთ სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის ტრენინგები, რომლებიც FAO-ს ორგანიზებით ჩატარდა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის მესამე ფაზის საგრანტო კომპონენტისა და EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეთა ნაწილს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა საჭირო დანადგარების შესაძენად, სასოფლო-სამეურნეო სივრცეების მოსაწყობად და ბრენდირებისა და შესაფუთი მასალის შეძენის კუთხით.
აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ შედეგად, ბიზნეს ურთიერთობები ყალიბდება მონაწილეებსა და ჰორეკას, საცალო ვაჭრობისა და ექსპორტის სექტორების წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე, აგრობაზრის მონაწილე მცირე და საშუალო მწარმოებლები, ერთმანეთთან კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც წარმატებით იყენებენ და გეგმავენ თანამშრომლურ ინიციატივებს საკუთარი საქმიანობისა და ბიზნესოპერაციების განვითარების მიზნით.
ორ დღიანი აგრობაზარი ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.