სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2024 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) მთელი საქართველოს მასშტაბით 3103 ინსპექტირება განახორციელეს.
შემოწმებულია ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტები.
კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, სურსათის მომზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, მიკვლევადობასა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
მეორე კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობებისთვის დაჯარიმდა 82 ბიზნესოპერატორი, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.
გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ხორცის რეალიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმისა და სურსათის შენახვის პირობების დარღვევა, კონდენსატი მაცივრებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეორე კვარტალში გამოვლენილი დარღვევები განხორციელებული ინსპექტირების 2.64%-ს შეადგენს.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძნობს სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საკურორტო ზონებში. კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება.