რჩევები ნატურალური თაფლის გამოსაცნობად

თაფლი

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, ბაზარზე ფალსიფიცირებული თაფლი იყიდება. ამიტომ სასარგებლოა ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა.

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:

  • არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მძაფრი და არც ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ახლოა შაქრიანი წყლის გემოსთან.
  • გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, არამედ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.
  • სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს;
  • კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, იგი შეიწოვება კანის მიერ.
  • წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი მცირე რაოდენობით შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, იგი არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს;

კიდევ რამოდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

  • ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) ”ძაფი”, რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;
  • გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს.
  • თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი, თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა თაფლი ნატურალურია;
  • ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;
  • გაავარვარეთ ნემსი და ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებვადი მასა თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში გავარვარებული ნემსი სუფთა დარჩება.

თაფლის შენახვა და მოხმარება:

  • თაფლი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას მინის ან ემალირებულ თავდახურულ ჭურჭელში, ვინაიდან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში იგი შესაძლებელია შევინახოთ წლების განმავლობაში;
  • მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათის მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;
  • არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის ჭურჭელში, ვინაიდან იგი მასთან რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს;
  • პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ იკარგება, ამიტომ:

  • ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;
  • ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.

სამწუხაროდ გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები იკარგება.

წყარო: momxmarebeli.ge

ნატურალური თაფლის დასადგენად ყველაზე უტყუარი მეთოდი ლაბორატორიული შემოწმებაა /აგროკავკასია/.

თქვენი რეკლამა