ჟანგოვანა ფუტკარა

ჟანგოვანა, ფუტკარა, სამკურნალო

ჟანგოვანა ფუტკარა (Digitalis Ferruginea L) შავწამალასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 40-150 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ფესვურიანი მცენარეა.

სწორმდგომი ღერო ძირში რამდენადმე მომხრილია და სიგრძეზე დაღარული, შეფოთლილია მორიგეობით განწყობილი მჯდომარე ფოთლებით, რომელთა ფორმა წაგრძელებულ ლანცეტისებრია ბოლოში ბლაგვი წვეტით, კიდეები დაუკბილავია, სიგრძე 7-15 (40) სმ ფარგლებში მერყეობს.

ღეროს სულ ქვედა ნაწილსა და ფესვის ყელთან განლაგებული ფოთლები თანდათანობით ვიწროვდება, მოკლე ყუნწში გადადის. ფოთლები რკალძარღვიანია, რაც უფრო კარგად ფოთლის ქვედა მხრიდან შეიმჩნევა.

მოჟანგისფრო-მოყვითალო თავჩაქინდრული მრავალრიცხოვანი ყვავილები კენწრულ აღმამდგომ მტევანშია შეკრებილი. ყვავილობს ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე.

საკმაოდ ხშირად გვხვდება როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან დაბალ და საშუალო სიხშირის ტყეებში, ტყის ველობებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია ცხინვალის რეგიონში, ქართლში, მთიულეთში, გარე კახეთსა და ჯავახეთში.

სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება როგორც საგულე საშუალება. წითელ და დიდყვავილა ფუტკარას (სათითურას) მსგავსად აძლიერებს გულის მუშაობას და ამცირებს მისი შეკუმშვის სიხშირეს, აუმჯობესებს სისხლავსებას ძარღვებში.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომფუტკარას ფოთლებში არსებულ გლიკოზიდებს აქვთ აკუმულაციის (ორგანიზმში დაგროვების) უნარი და მისი შესვენების გარეშე გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. ამიტომ ფუტკარას გამოყენება და სათანადო დოზების შერჩევა მხოლოდ ექიმს რჩევით უნდა მოხდეს.

ფუტკარა სამკურნალოდ გამოიყენება ვეტერინარიაშიაც. ფუტკარი მისი ყვავილებიდან ჭილს აგროვებს.

ჟანგოვანა, ფუტკარა, სამკურნალო

შეგროვება წარმოებს ივლის-აგვისტო-სექტემბერში. ჩვენში მცირე გავრცელების გამო, სამრეწველო მიზნით დამზადება არ ხდება. წინათ ქობულეთში გაშენებული იყო ძოწი-ფუტკარას სახელით.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა