ზეთისხილი – სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი

ოლივეს, ზეთისხილი, სამკურნალო

ზეთისხილი (Olea) მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით.

ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი.

ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგებულ მტევნებად. ზარისებრი, აპკივით თხელი ოთხკბილიანი ჟამი ნაყოფებზეა შერჩენილი. ყვავილის გვირგვინი მოთეთრო ფერისაა ორი მტვრის პარკითა და ოთხი ფრთით.

სქელგარსიანი, ცვილისებრნაფიფქიანი, მოშაო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით. იგი ფრიად სიმშრალის ამტანი მცენარე, სითბოს და სინათლის მომთხოვნია.

საქართველოში გაველურებული სახით გაგრის ტყეებში გვხვდება. ბაღებში გავრცელებულია ზღვის დონიდან 450 მ სიმაღლემდე. მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფებისგან დამზადებული, ე.წ. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახისაა. ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად.

მრავლდება ძირითადად თესლით, რომელსაც დათესვამდე რამდენიმე ხნით ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ გაღივების სტიმულირების მიზნით. კარგად ფესვიანდება გამერქნებული კალმები, ადვილად ხარობს დაყოფითაც.

ზეთისხილის კულტურა საქართველოში გაშენებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარასა და კახეთში. ცოცხლობს საკმაოდ დიდხანს (200-300 წელი) მაგრამ ნელმზარდია. საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და აწნილებენ.

ზეთის გამოხდას ზეთისხილის მომწიფებული ნაყოფებიდან აწარმოებენ. ზეთი სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების გამო სხვადასხვა დასახელებებითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი, პროვანსული ზეთი.

ოდითგანვე ცნობილია ბრტყელი ჭიის (სოლიტერის) ორგანიზმიდან გამოდევნის შემდეგი მარტივი მეთოდი, რომელიც ახლებურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს მისი მისაღებლობის დადგენის თვალსაზრისით. ავადმყოფი სამი დღის განმავლობაში სანახევროდ შიმშილობს. მეოთხე დილით უზმოზე სვამს ყველაზე სუფთა 3 სუფრის კოვზ პროვანსულ ზეთს და 10 წუთის შემდეგ იკეთებს ანადუღარი თბილი რძის ოყნას. კუჭში გასვლისას ჯდება რაიმე ჭურჭელზე, რომელშიც თბილი წყალი ან რძე ასხია. სოლიტერი თავისით გამოდის.

მეცნიერულ მედიცინაში პროვანსული ზეთი გამოიყენება ემულსიის სახით შიგშემომგარსველ და რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა მას ზოგი სამკურნალო ნივთიერებების გამხსნელად იყენებს ამ ნივთიერებათა ორგანიზმში არაკუჭნაწლავის (პარენტერალური) გზით შეყვანისათვის.

ზეითუნის ზეთს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა მალამოს საფუძვლად. ფოთლის ექსტრაქტის ცხოველის ვენაში შეყვანა იწვევს არტერიული წნევის დაწევას, ზრდის დიურეზს, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას, აიშვიათებს და აღრმავებს სუნთქვას. უფრო ეფექტურია ახალი ფოთლების ექსტრაქტი, ვიდრე ხმელისა. იგი საზღვარგარეთ ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხალხური მედიცინის მონაცემებით რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება: იღებენ კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ. ხის ზეთს (შესაძლოა პროვანსული ზეთით შეცვლა). შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელი წიწაკის პარკს, იმისდა მიხედვით თუ რა სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ყოველივე ამას ამატებენ 154 გრამ კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის წინდებს (პ.მ. კურენოვი).

იმავე ავტორის მიხედვით ჭრილობების სწრაფი შეხორცებისათვის ხალხი წარმატებით იყენებს შემდეგი შემადგენლობის მალამოს: 100 გრამი პროვანსული ზეთი, 8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან (აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობას ადებენ. ხალხს ეს მალამო ძალიან ეფექტურ მომქმედად მიაჩნია.

ჭრილობის შესახორცებლად გაცილებით უფრო მარტივი შემადგენლობის მალამოსაც იყენებენ. ორ ნაწილ ხის ზეთზე (შესაძლოა პროვანსული ზეთის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხის ზეთი უფრო მიღებულია) ერთ ნაწილ ფუტკრის ცვილს (სანთელს) იღებენ. ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც ჭრილობაზე სცხებენ და თუ საჭიროა, სახვევს ადებენ.

ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ, ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების კვალობაზე. ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ყურში მოხვედრილი მწერის ან უწვრილესი კენჭის უმტკივნეულო ამოღებისათვის ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს. ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება.

ავტორები: შალვა ხიდაშელი; ვანო პაპუნიძე.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ზეთისხილი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ჯიშები

თქვენი რეკლამა