ტყის ჩიტისთვალა – სამკურნალო მცენარე

ტყის, ჩიტისთვალა, ხალხური, მედიცინა, სამკურნალო

ტყის ჩიტისთვალა (ლათ. Galium odoratum, Asperula Odorata L.) ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მრავალწლიანი 10-60 სმ სიმაღლის, სწორმდგომი ოთხწახნაგოვანღეროიანი მცენარეა.

თხელი, თავწვეტიანი ლანცეტა ფორმის, კიდეხაოიანი მუქიმწვანე ფოთლები ღეროზე რგოლურადაა განლაგებული, რომელთა რიცხვი თითოეულ რგოლში 6-8 არ აღემატება. თეთრი ყვავილები (გახმობისას შავდება) თავმოყრილია კერულ, მეჩხერ ნახევარქოლგა თანაყვავილედებად. ნაყოფი მოკლე კაუჭაბეწვიან გარსშია მოთავსებული.

გვხვდება უმთავრესად დაჩრდილულ ადგილებში, ფოთლოვანსა და წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ხშირია წიფლნარებსა და ნაძვნარ-სოჭნარებში.

ჩიტისთვალას მიწისზედა ნაწილები შეიცავს კუმარინს, გლიკოზიდ ასპერულოზიდს, ციტრონსა და ასპერტანის მჟავებს, პიროკატეხინის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ფისებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს. ჩიტისთვალას პრეპარატები შეისწავლება როგორც ჰიპოტენზიური საშუალება.

ტყის, ჩიტისთვალა, ხალხური, მედიცინა, სამკურნალო

ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალა გამოიყენება, როგორც საგულე საშუალება (დამაწყნარებელი და სპაზმების საწინააღმდეგო), აგრეთვე ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, შარდის ბუშტის კენჭოვან-ქვიშიანი დაავადებების დროს, აძლიერებს დიურეზს .

გერმანიის ხალხური მედიცინა მას იყენებს დამაწყნარებლად, უძილობის, მუცლის ტკივილის, ნერვებაშლილობის და მენსტრუაციული ანომალიების დროს.

გამოიყენება აგრეთვე ოფლისა და შარდმდენ საშუალებად. იყენებენ წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი (დაახლოებით 1,8 გ ) წვრილად დაჭრილი ბალახი 1 ჭიქა ცივ წყალზე. დგამენ 8-10 საათის განმვლობაში, სვამენ ერთი დღის განმავლობაში.

საჭიროა სიფრთხილე დიდი დოზით მიღება იწვევს პირღებინებას, თავის ტკივილს, თავბრუხვევას.

ტყის, ჩიტისთვალა, ხალხური, მედიცინა, სამკურნალო

უკრაინის ხალხური მედიცინა ჩიტისთვალას სხვა სამკურნალო ბალახებთან შერევით, როგორც მსუბუქად გამხსნელ საშუალებას, ხმარობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ხოლო როგორც შარდდენის გამაძლიერებელი, საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს შარდის ბუშტისაგან ქვებისა და ქვიშის გამოდევნისათვის.

თვით მარტო ჩიტისთვალას უკრაინაში იყენებენ დოზით: 10-15 გ 1 ლ მდუღარე წყალზე (მთელი ღამე თბილ ღუმელში დგამენ); სვამენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.

ბულგარეთის ხალხურ მედიცინაში ჩიტისთვალას ნედლ ბალახს უფრო ეფექტურ მომქმედად მიიჩნევენ ხმელთან შედარებით. რეკომენდებული ნაწლავების ჭვალის, უძილობის, შეტევითი ისტერიის, დისმენორიის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის დროს.

მოქმედებს აგრეთვე შარდმდენ და ოფლისმომგვრელად წყალმანკის დროს და საშარდე ბუშტში ქვებისა და ქვიშის დაგროვების საწინააღმდეგოდ. იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბალახი ერთ ჭიქა ცივ წყალზე, დგამენ 8 საათის განმავლობაში და ერთი დღის განმავლობაში სვამენ რამოდენიმეჯერ.

ტყის, ჩიტისთვალა, ხალხური, მედიცინა, სამკურნალო

ჩიტისთვალას ზეთი ლიქიორისა და ლუდის წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ფესვები ხასხასა წითელ ფერად ღებავს ქსოვილს.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა