შოთხვი – სამკურნალო მცენარე

შოთხვი, ხალხური, მედიცინა

შოთხვი (Prunus padus) ვარდისებრთა ოჯახში შედის. შოთხვი მაღალი ბუჩქია, ზოგან კი დაბალტანოვან ხედაც იზრდება 2-10 მ სიმაღლით.

ხშირტოტებიანი ვარჯის შემადგენელი ტოტები მოყავისფრო, მოთეთრო-მოყვითალო მეჭეჭებით მოფენილი გლუვქერქიანია. ყვავილებს, ფოთლებსა და ქერქს ამიგდალინის თავისებური სუნი აქვთ, რაც ძალიან კარგად შეიგრძნობა მათი თითებშორის გასრესით. ღერო დაფარულია მოშაო ნაცრისფერი დამსკდარი ქერქით.

ფოთლები მოხაზულობით ელიფსურია 10 სმ-მდე სიგრძით, განიერსოლისებრი ან მომრგვალებული ფუძით და მოკლე წვეტით, კიდეები წვრილად დაკბილულია, კბილები მოწითალო-ნაცრისფერი ჯირკვლებით ბოლოვდება. ფოთლის ფირფიტა ზემოდან რამდენადმე დაჭმუჭნილი შესახედაობისაა, ქვემოდან კი ნათელი ნაცრისფერი.

ფრიად არომატული, ნექტარით მდიდარი თეთრი ყვავილები, 12 სმ-მდე სიგრძის თავჩაქინდრულ მტევნებშია შეკრებილი.

შავი ფერის ნაყოფი ერთკურკიანია, ხორცოვანი მწკლარტე რბილობით, ყინვანაკრავი სასიამოვნო მომწკლარტო გემოსია და ხალისით იჭმება.

შოთხვი, ხალხური, მედიცინა

მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით და კალმებით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლისიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოში მთის ზედა და შუა სარტყლის ტყეებსა და ტყისპირებზე იზრდება აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთში და ჯავახეთში. მცირე რაოდენობით ამ ნაშრომის ავტორთა მიერ აღწერილია ასპინძის რაიონში.

უფრო ხშირად ზღვის დონიდან 1200-1250 მ სიმაღლეზე გვხვდება, ცალკეულ ადგილებში კი მცირე რაოდენობით იზრდება უფრო მაღლაც, და ხელოვნურად გაშენებულ დაბლობებშიც კარგად ხარობს.

ნორმალური ზრდა მისთვის აზოტით მდიდარ საკმაოდ ნოყიერ და ნესტიან ნიადაგებზეა დამახასიათებელი. ოპტიმალურ პირობებში ნაყოფის მოსავალი 400 კგ/ჰეტ. აღწევს, საშუალოდ კი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 100 კგ ნაყოფს იძლევა. შოთხვს ბარში მცხოვრები ქართველების უმეტესობა ვერ სცნობენ, მაგრამ მთაში მცხოვრებნი კი კარგად ცნობენ და მათში საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობს, როგორც კარგი ხილი.

შოთხვის ნაყოფი შეიცავს 5 პროცენტამდე შაქარს, ბევრ მთრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, ფლაონოიდებს და ეთერზეთს. სჭამენ როგორც უმად, ასევე მისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს, მისი წვენით აფერადებენ ღვინოს და სხვ. ხმელი ნაყოფის ფხვნილი საუცხოო არომატსა და გემოს აძლევს ღვეზელს, შესანიშნავია მისგან მომზადებული კისელიც.

მთრიმლავი ნივთიერებებით სიმდიდრის გამო ნაყოფს შემკვრელ საშუალებად იყენებენ კუჭაშლილობის დროს.

ფოთლები 280 მგ პროცენტამდე ვიტამინ C-ს შეიცავს, გარდა ამისა მოიპოვება ეთერზეთი, 2-3 პროცენტამდე ტანიდებშემცველ ქერქს წინათ ტყავის, მატყლისა და ქსოვილების მწვანედ და მონაცრისფრო-წითელ ფერად შესაღებად იყენებდნენ.

შოთხვი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ფუტკარს უმასპინძლდება როგორც ნექტრით, ასევე ჭეოთი.

შოთხვი, ხალხური, მედიცინა

ფრიად დეკორატიული მცენარეა, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, ამიტომ იგი დიდმნიშვნელოვანია მაღლა მთებში არსებული დასახლებული პუნქტების გამწვანებ-გამშვენიერებისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე მაღალმთიანეთის გასატყევებლად, ეროზიის საწინააღმდეგო ნარგავების გასაშენებლად. შოთხვი შეზღუდული არეალის მცენარეა და გულმოდგინედ დაცვას საჭროებს, უამისოდ მისი არსებობა უკვე საფრთხეშია.

მედიცინაში შოთხვს იყენებენ არაინფექციური ბუნების ფაღარათიანობის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის სხვა შემთხვევებში.

ამ მიზნით გამოიყენება ნაყოფების მონახარში. ერთ სუფრის კოვზ შოთხვის ნაყოფებს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 20 წუთს ნელი დუღილით ხარშავენ, რის შემდეგაც წურავენ. მოზრდილებს უნიშნავენ 1/4 ჭიქას დღეში ორ-სამჯერ.

ხმარებაშია შოთხვის ნაყოფების ნაყენიც: ერთ სუფრის კოვზ ნაყოფს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ და 5 წუთს ნელი დუღილით ადუღებენ, ამის შემდეგ დგამენ 2 საათის განმავლობაში. მიიღება 1/4 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ხალხური მედიცნა შოთხვის ქერქსაც იყენებს როგორც დიურეზულ, ოფლმომგვრელ და შემკვრელ საშუალებას. ფოთლების ნაყენს ზოგჯერ ფაღარათიანობის და ბრონქიტის დროს იყენებენ, ყვავილების ნაყენს კი ნივთიერებათა ცვლის მოშლისას, ხოლო მცენარის ყველა ნაწილს იყენებენ ანემიის (სისხლნაკლულობის) და ლორწოვანი გარსის ანთებისას.

შოთხვი, ხალხური, მედიცინა

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა