მარიამსაკმელა

მარიამსაკმელა, სამკურნალო, მცენარე

მარიამსაკმელა (Peganum Harmala L) ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა.

მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის.

მთავარღერძიანი ფესვი სიგრძით ორ მეტრამდეა. შედარებით დიდი ზომის თეთრი ან მკრთალი ყვითელი ფერის ყვავილები ტოტების ბოლოებზე, ბუჩქის ზედა ნაწილშია გაბნეული, ჯამის ფოთლები (რომლებიც ნაყოფობის დროს ზედვე რჩება), თითქმის, ძირამდე ხუთადაა გაყოფილი წვეტიან ნაკვეთებად. ყვავილის გვირგვინის ელიფსური ფორმის ფურცლებიც ხუთია.

ნაყოფი ზემოდან ოდნავ შეჭყლეტილი, 6-10 მმ დიამეტრის ბურთისებრი სამბუდიანი და სამსაგდულიანი კოლოფაა. სამწახნაგოვანი ან პირამიდული თესლი მრავალრიცხოვანია.

იზრდება უმთავრესად ნათელი ტყის ზონისა და მთის შუა სარტყლის (1200 მ) ღია მშრალ ადგილებში, დასახლებული პუნქტების მახლობლად, განსაკუთრებით ხშირია ძოვებით გადატვირთულ ველებზე. გხვდება აჭარაში, იმერეთში, ქართლში, ქიზიყში, გარდაბანში, კახეთში და მესხეთში.

მარიამსაკმელა, ხალხური, მედიცინა

მედიცინაში ძირითადად თესლები გამოიყენება ჰარმინის მისაღებად. ზოგჯერ კი – ფესვებიც. ალკალოიდი ჰარმინი გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოცახცახე) დამბლის დროს. მისი ზემოქმედებით ავადმყოფებს უუმჯობესდებათ ნებისმიერი მოძრაობები, რომლებიც უფრო სწრაფი და თავისუფალი ხდება. ექსპერიმენტებში ჰარმინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას ახდენს.

განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვებს.

მარიამსაკმელას თესლს აქვს ოფლმდენი, შარდმომგვრელი და ჭიის დამდენი თვისებები. ძველად ბერძნები თვალის დაავადების სამკურნალოდაც იყენებდნენ. მას აქვს მათრობელი და ძილისმომგვრელი თვისებაც. თურქეთში თესლების ნაყენს მსუბუქად შემაზარხოშებელი (დამათრობელი) სასმელების მოსამზადებლად იყენებდნენ. თესლი 14-16 %-მდე ზეთს შეიცავს, რომელიც სამღებრო საქმეთა და განათებისთვის იხმარებოდა.

მარიამსაკმელა, ხალხური, მედიცინა

თესლს აგრეთვე გაუხუნებელ წითელფრად შეღებვისათვის იყენებდნენ საფეიქრო წარმოებაში. მისგან თურქეთსა და ყირიმში წითელ მელანსაც ამზადებდნენ.

მარიამსაკმელა ოდითგანვე ცნობილი შხამიანი მცენარეა, თესლში ალკალოიდების რაოდენობა 5%-მდე აღწევს, რომელთა ერთი მესამედიც ჰარმინზე მოდის, მასვე შეიცავს ფესვებიც.

ფოთლებსა და ღეროში არსებული ალკალოიდი პეგანინი ნერვული დაავადებების: მიოპათიისა და მიასთენიის სამკურნალოდ, აგრეთვე საფაღარათო საშუალებად გამოიყენება.

ხალხური მედიცინა მარიამსაკმელას უფრო ფართოდ იყენებს. ბალახის ნაყენით წარმატებით მკურნალობენ საქონლის, განსაკუთრებით აქლემების მუნს.

მარიამსაკმელა, ხალხური, მედიცინა

მცენარეს ინსექტიციდური თვისებები გააჩნია და წარმატებით იყენებენ სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნე მწერების წინააღმდეგ.

ძლიერი ტოქსიკურობის გამო მარიამსაკმელის სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის რჩევით დაიშვება.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა