მურყანი (თხმელა) სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

სამკურნალო, მურყანი, თხმელა, რეცეპტები

მურყანი (თხმელა, ლათ. Alnus ) არყისებრთა ოჯახში შედის. საქართველოში ძირითადა მისი ორი სახეობა გვხვდება.

ნაცრისფერი მურყანი

ნაცრისფერი მურყანი  (Alnus incana (L.) Moench) 15-20 მეტრამდე სიმაღლის ხეა. უფრო მეტად გვხვდება მდინარეების პირას და ნესტიან ხეობებში. გავრცელებულია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, ცხინვალის რეგიონში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთსა და კახეთში, ერთეულად გორის რაიონშიც გვხვდება მდ. ლიახვის ნაპირებზე.

ძირითადად მთის შუა და ზედა სარტყელში იზრდება ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე სიმაღლეზე, ზოგან მცირე რაოდენობით 1200-2000 მ. სიმაღლეზეც გვხვდება. ხასიათდება მონაცრისფრო გლუვი ქერქით, ხნიერი ღეროს ქვედა ნაწილში ქერქი დაშაშრულია.

ფესვები შედარებით ზედაპირულადაა განფენილი ნიადაგის ზედა ფენებში. ტოტებზე მორიგეობით განწყობილი ფოთლები კვერცხისებრი ან ელიფსური მოყვანილობისაა, რომელთა სიგრძე 4-10 სმ ფარგლებში მერყეობს, ფოთლის ფირფიტა წვერში წამახვილებულია, იშვიათად კი წვერმომრგვალებულიცაა, ფოთლის ფირფიტის ფუძე მომრგვალებული ან სუსტად გამოხატული გულისებრი მოყვანილობისაა, ნაპირები ორმაგხერხკბილაა და მახვილი დაკბილვით გამოირჩევა.

მურყანი, თხმელა, სამკურნალო, გირჩი

ახალგაზრდა ფოთლები ხშირბუსუსიანია, უფრო გვიან კი ზემოდან შიშველი, ქვემოდან მორუხო-მწვანე ან მთლიანად რუხი ბუსუსებითაა დაფარული. შავი და ბუსუსიანი მურყანებისაგან განსხვავებით ნაცრისფერი მურყანის ფოთლები, ყლორტების წვეროები და კვირტები არამწებავია.

ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. ნორმალური ზრდისათვის კარგ განათებას საჭიროებს, ამასთან იგი სიცივის ამტანი მცენარეა და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა აქვს, ამიტომ სასურველია გამწვანებისათვის ხეობებსა და მდინარეთა ჭალებში.

მურყანი, თხმელა, სამკურნალო

შავი მურყანი

შავი მურყანი (Alnus glutinosa (L.) Gaertn.) – 10-25 მ სიმაღლის ხეა ღეროზე მუქი მონაცრისფერო დაშაშრული ქერქით. ყლორტების ქერქი მოწითალო ყავისფერია. ყლოტების წვეროები წებოვანია, მოფენილია ბუსუსებითა და მეჭეჭებით. ფოთლები მომრგვალოა, ხშირად წვერში დამახასიათებელი ჩაღრმავებით. ეს ერთ-ერთი კარგი განმასხვავებელი ნიშანია ბუსუსებიანი არყისაგან, რომლის ფოთლებსაც თითქმის არასოდეს არა აქვს წვერში ჩაღრმავება.

მურყანის ქერქსა და გირჩაკებს (ნაყოფები) შემკვრელი და მადეზინფიცირებელი თვისება გააჩნია. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური გამოდგა თხევადი ექსტრაქტი, 3 მლ ერთ მიღებაზე დღეში სამჯერ, რის შედეგადაც შემცირდა კუჭში გასვლის სიხშირე, ნორმირებული იქნა განავალის კონსტიტენცია, გაქრა ლორწო და სისხლი განავალში, შეწყდა ტკივილები მუცელში.

მურყანი, თხმელა, სამკურნალო, გირჩები

მედიცინაში გამოიყენება მურყანის ქერქისა და გირჩაკის (ნაყოფის) ნაყენი, გამონაწვლილი და თხევადი ექსტრაქტი.

ქერქის წყლიანი მონახარში, 15 გ ქერქი 200 მლ წყალზე, მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ;

ქერქის სპირტზე ნაყენი: 25 გ ქერქი 3-4-ჯერ მეტ სპირტზე მიიღება თითო ჯერზე 30-40 წვეთი 2-3-ჯერ დღეში;

მურყანის ნაყოფების (გირჩაკების) სპირტზე ნაყენი 25-30 წვეთი დღეში სამჯერ. თბილისის ფარმაკოქიმიური კვლევითი ინსტიტუტის მიერ პრეპარატების მოსამზადებლად რეკომენდებულია შავი მურყანის გირჩაკები (ნაყოფები).

საერთოდ თანამედროვე მედიცინაში მურყანის (თხმელას) ნაყოფებს იყენებენ როგორც შემკვრელ საშუალებას მწვავე და ქრონიკული ერტერიტის, კუჭის კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს. ამასთან იღებენ ქართველ მეცნიერთა მიერ დამუშავებული გირჩაკების მშრალ ექსტრაქტს, რომლისგან მიღებულ პრეპარატსაც თხემლინი ეწოდება (0,5-0,6 გ დღეში 3-6-ჯერ); იყენებენ წყალზე ნაყენსაც (4 გ ერთ ჭიქა წყალზე, იღებენ 1/2 ჭიქას დღეში სამ-ოთხჯერ). გირჩაკებიდან ამზაბებენ კუჭაშლილობის საწინააღმდეგო ჩაისაც.

მურყანის გირჩაკებს შემოდგომასა და ზამთარში აგროვებენ, ქერქს გაზაფხულზე, ფოთლებს კი ნედლ მდგომარეობაში ხმარობს ხალხი.

მურყანი, თხმელა, სამკურნალო, გირჩი

გაციების დროს ავადმყოფზე ოფლმოსაგვრელად ხალხში შემდეგ პროცედურას მიმართავენ. ავადმყოფს თხმელის ნედლ ფოთლებზე აწვენენ და ზემოდანაც ბევრ ნედლ ფოთოლს აყრიან და შემდგომ საბანსაც დააფარებენ. მოკლე დროის შემდეგ ადამიანი იოფლება, თანაც ოფლიანობა ძალიან ძლიერია.

ოფლმოდენის საშუალება სასარგებლოდაა მიჩნეული გულით დაავადებული ადამიანისათვის და მას მიმართავენ მწვავე რევმატიზმის, არტრიტის (სახსრების ანთებადი დაავადება), პოდაგრის (ნიკრისის ქარი), სახსრების რევმატიული ტკივილის დროს და სხვა.

გახანგრძლივებული კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავების კატარის, კუჭში ტკივილების გრძნობის და დიზენტერიის დროს ამზადებენ წყლით გამონახარშს 50 გ გირჩაკებზე 1 ლ წყლის დასხმით და სვამენ ცხელ მდგომარეობაში დღეში სამ ჭიქას.

ამავე მიზნით ზოგან შემდეგნაირ შენარევს იყენებენ: მომწიფებულ, ჯერ კიდევ გაუშლელ მურყანის გირჩაკებს თანაბარი რაოდენობით ურევენ ოთხფურცელა მარწყვა ბალახის ფესურებს და ჭინჭრის ფესვებს. ამ ნარევს იღებენ 50 გ-ს 1 ლ წყალზე. ალბობენ წყალში ერთი ღამის განმავლობაში, დილით 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. სვამენ ცხელს უზმოზე ერთ ჭიქას, დანარჩენს კი ერთი დღის განმავლობაში ოთხჯერად.

მურყანი, თხმელა, სამკურნალო, გირჩი

მურყანის გირჩაკების პრეპარატებს ხალხური მედიცინის პრაქტიკაში სისხლდენის შემაჩერებლ საშუალებადაც იყენებენ. მთრიმლავი და საღებავი ნივთიერებით სიმდიდრის გამო თხმელის ქერქს საღებავ და მთრიმლავ საშუალებადაც იყენებენ.

ავტორები: შალვა ხიდაშელი; ვანო პაპუნიძე.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა