კლდისდუმა

კლდიდუმა, სამკურნალო

კლდისდუმა (ლათ. Sedum) — ბალახები, ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აქვთ წვნიანი ან ხორცოვანი ფოთლები.

საქართველოში 15-მდე სახეობაა. სახეობების მეტი წილი სუბალპურ და ალპური სარტყლის ქვიან და კლდოვან ადგილებზე იზრდება. ზოგადად 500-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმეტესად ევრაზიაში, რამდენიმე — სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

კლდისდუმას ბევრი სახეობა დეკორატიულია. აშენებენ ბაღებში, ზოგს — ოთახებსა და ორანჟერეებში. იყენებენ კლდოვანი და ქვიანი ადგილების გასამწვანებლად.

კავკასიური კლდისდუმა (ლათ. Sedum caucasicum)

კავკასიური კლდისდუმა სწორმდგომი მარტივღეროიანი, 30-70 სმ სიმაღლის მრავალწლიანი სეკულენტურ ფოთლებიანი (სქელხორცოვანი ფოთლები) მცენარეა. კვერცხისებრი ან უკუკვერცხისებრი, უთანაბროდ დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანი, მჯდომარე ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედ და ჯვარედინადაა განლაგებული ღეროზე.

კლდისდუმა

მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი – 10 (ა. მაყაშვილი).

იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.

ადრინდელ მედიცინაში მიწისზედა ნაწილები და ფესვები გარეგან სახმარ საშუალებად გამოიყენებოდა მეჭეჭების და მაზოლების მოსაცილებლად, აგრეთვე ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ. ეპილეფსიის სამკურნალოდ კი მცენარის წვენს ასმევდნენ.

კლდისდუმა

ზოგი ქვეყნის ხალხური მედიცინა ნედლ დანაყულ კლდის დუმას ურჩევს მტკივნეულ სახსრებზე შემოსაფენად. ამავე მიზნით ხმელი ბალახის გამონახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ამ საშუალებებს უფრო მეტად ქრონიკული რევმატიზმის დროს სახსრებში ტკაცანისებრი ხმაურიანი ტკივილების დასაწყნარებლად იყენებენ.

ზოგი ექიმბაში წინათ კლდის დუმას ნაყენს ასმევდა უნაყოფო ქალებს, ამასვე ურჩევდნენ სუსტ, სქესობრივ უნარდაქვეითებულ მამაკაცებსაც. ზოგან მკერდის არეში არსებული ტკივილების სამკურნალოდაც სვამდნენ.

ჭრილობებსა და დამწვრობიან კერებზე სუფთად გარეცხილ, ნედლ ფოთლებს იდებდნენ. დანაყილი ნედლი ფოთოლი მართლაც კარგად აცილებს კოჟიჟებს ფეხებზე, ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში კოჟიჟი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან.

კლდისდუმა

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა