კაპარი – გემრიელი სამკურნალო მცენარე

კაპარი, სამკურნალო, საკვები

კაპარი (Capparis Spinosa L; Каперсы колючие) კაპარისებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი, მიწაზე ტოტებგართხმული, ფრიად მძლავრფესვთა სისტემიანი, სიმშრალისა და ნიადაგის დამლაშების ამტანი მცენარეა.

მიწაზე გართხმული თითოეული ტოტის საშუალო სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს, მთავარღერძა ფესვი კი ძალიან ღრმად მიდის ნიადაგსა და გრუნტში.

მომრგვალო, ზოგი ოდნავ წაწვეტებული, მოკლე ყუნწიანი, ყუნწის ძირში წყვილ ეკლოვანფოთოლთანიანი, ზემოდან მბრწყინავი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. საკმაოდ დიდი (დიამეტრში 8 სმ-მდე) გრძელყუნწიანი, თეთრი ან მოთეთრო-მოვარდისფრო ყვავილები ფოთლების იღლიებშია სათითაოდ განლაგებული. ყვავილის გვირგვინი ოთხფურცლიანია, ჯამის ფოთოლაკებიც ოთხია.

ნაყოფი მოგრძოა 2-4 სმ სიგრძის, წაგრძელებული ფორმის, საზამთროს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი იგი ხორცოვანი და მრავალთესლიანი, წვნიანი კოლოფა ნაყოფია, წითელი რბილობით, გარედან კი მწვანეა. ყვავის ხანგრძლივად, მაისიდან დაწყებული, გვიან ზაფხულამდე. ნაყოფის მომწიფებაც ასევე გახანგრძლივებულია – ივნისიდან თითქმის ოქტომბრამდე.

მრავლდება თესლით. თესლმსხმოიარობას 5 წლის ხნოვანებიდან იწყებს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელზე მეტია. იზრდება უმთავრესად ე.წ სამხრეთის ტიპის არიდული ტყეების (ნათელი ტყეების) ზონაში, გვხვდება მთის შუა სარტყლამდე თიხნარ, ცოტად თუ ბერვად მლაშობ ნიადაგებზე, აღმოსავლეთ საქართველოში, უმთავრესად ქართლსა და კახეთში.

კაპარი, სამკურნალო, საკვები

კაპარის კვირტები და ნაყოფები იჭმება. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყნებში იგი კულტივირებულია. დაწნილებული კვირტები სასიამოვნო გემოსია, რომელიც 29 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავენ, გარდა ამისა მათში 4,6 პროცენტამდე ცხიმია, 0,32 პროცენტი რუტინი, 150 მგ პროცენტი ასკორბინის მჟავა, ეთერზეთი, პექტინი და ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებები.

ნაყოფი უმად იჭმება, თესლებს ჭამის დროს ყრიან. წინათ ნაყოფებს ახმობდნენ და შაქრის ნაცვლად იყენებდნენ. ხორცოვანი რბილობი ძალიან გემრიელია, 12 პროცენტამდე შაქარს შეიცავს და გემოთი რამდენადმე საზამთროს მოგვაგონებს.

თესლებში 18 პროცენტი ცილოვანი ნივთიერებები და 36 პროცენტამდე ზეთია, რომლის საჭმელად გამოყენებაც შეიძლება. ზოგან ჩვილ ყლორტებსაც ყვავილებთან ერთად აწნილებენ და ისე ჭამენ.

ხალხი კაპარს მარტო საჭმელად კი არა, სამკურნალოდაც იყენებდა. კაპარის ფესვებს ხალხური მედიცინა ურჩევდა ნევროზის (კერძოდ ისტერიული მდგომარეობის), რევმატიზმის, ბრუცელოზის, კბილის ტკივილის, წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ფესვებს იყენებენ აგრეთვე აბრეშუმის მწვანედ და მოყავისფროდ შესაღებად. კაპარი ამავე დროს შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეცაა.

ხალხურ მედიცინაში, მოხარშულ და ძმრითა და კარაქით შეკაზმულ კაპარს სჭამენ გადიდებული ელენთის სამკურნალოდ. (ე.ლ. ზალესოვა და ო.ვ პეტროვსკი 1898).

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა